ბლოგი

12:15 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

2015 და მარადიული საქართველო

როდესაც საათი თორმეტს ჩამოჰკრავს და კიდევ ერთი ახალი წლის დამსწრენი გავხდებით, სინათლის შუქზე ჩვენს ხელში სხვადასხვა ფერის სასმისები დაიწყებენ ციალს.

ყველანი, ისევე როგორც უწინ, გახარებულები ვიქნებით იმით, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ერთმანეთის დალოცვის საშუალება და ამ უცნაურ, მაგრამ ჭეშმარიტრად გასაოცარ ქვეყანაში კიდევ ათეულობით წელი ვაპირებთ ცხოვრებას.

საქართველოში ყველაზე მეტად სიცოცხლე ფასდება, მერე - მშვიდობა და მომავალი. ყველაზე მეტად ეს სამი რამ გვაკლდა და იმიტომ. გაუთავებელი ომები და შემოსევები, ჩვენს მშვიდობას, საიცოცხლესა და მომავალს ერთად სპობდა და მუდმივი უბედურების შიში აგერ უკვე ამდენი საუკუნის შემდეგაც გადმოგვყვა. და ეს განა მხოლოდ ძველთა დროდან გადმოყოფილი შიშია? როდესაც გორის გზაზე ავტომობილით მოდიხარ, განა არ უცქერ მთებში ჩამალულ ახალგორის სოფლებს, რომლებიც ხელისგულისავით მოსჩანან და ისიც კარგად იცი, რომ იქ მდგომნი ჭოგრიტებით როგორ გაკვირდებიან. განა ეს ახლა არ ხდება? განა ახლა არ გვაქვს ომი და ვარამი?!...

გასულ წელს იმდენი რამ მოხდა, ყველაფრის არც თქმას ვაპირებთ და არც მსჯელობას. განსაკუთრებით იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ბეჩავ პოლიტიკაში მოხდა და რამაც, ვერ ვიტყვით, რომ დიდად წაგვწია წინ.

ქართულ სპორტში იყო წარმატებებიც და ცრემლებიც, გამარჯვებებიც და მარცხიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს წელი ქართულ სპორტში მაინც იმით დარჩება, რომ საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ჩვენი სპორტსმენები სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე მაინც წავიდნენ და იქიდან ისეთი შედეგებით დაბრუნდნენ, ავისმოსურნეებს რომ გაუხარებდა გულს. არადა რატომ? რატომ აიხირეს? ჭეშმარიტად უცნაურ არს გზანი ქართველთანი...

გასულ წელს იყო მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, სადაც ჩვენი ნაკრები, რა თქმა უნდა, არ მონაწილეობდა. მაგრამ ჩვენ ხომ მეოცნებეები ვართ და როდესაც საახალწლო სადღეგრძელოებს ჩავუყვებით, ეგებ ისიც წავიოცნებოთ, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი ტანჯული ნაკრები მომძლავრდება და აგვისრულდება თაობათა ნატვრა – საქართველოს ნაკრები მუნდიალზე გავა! ეს ისეთი დიდი ბედნიერებაა, წარმოსადგენადაც ძნელია!

რა სჭირდება ოცნებების (თუნდაც საახალწლო ოცნებების) ასრულებას? შრომა, შრომა და შრომა! ვართ ამ გზაზე დამდგარნი? სამწუხაროდ არ ვართ და ჯერჯერობით საამისოდ ბევრი არაფერი კეთდება, მაგრამ თუკი შეძლეს სხვა, ერთ დროს ჩვენზე გაჭირვებულმა ქვეყნებმა, ეგებ ერთხელ ჩვენც ვიძალოთ. მუდმივი მარცხის შიშში ცხოვრება, სხვა თუ არაფერი, სირცხვილია. მით უმეტეს, რომ ეს მარცხიც უკვე დიეტაზე მყოფთა ჰერკულესის ფაფასავით მოგვწყინდა და ამოგვივიდა ყელში. თუმცა, აბა საახალწლო სუფრასთან ფაფა ითქმის? ანდა როდესაც მომავალზე და დიდ იმედებზე ვსაუბრობთ, განვლილი დამარცხებების გახსენება იქნება?

მთავარი მაინც რწმენაა. მომავლის რწმენა. ახლა, როდესაც მსოფლიოში ყველაფერი იცვლება, თვალნათლივ ჩანს, რომ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20% მიითვისა, ნამეტანი ცუდი დრო დაუდგა, განსაკუთრებით გვჭირდება ერთიანობა და ერთმანეთის გატანა, რაც ქართველებს, სამწუხაროდ, არ გვახასიათებს.

ახლა, როდესაც ჩვენს მტერს უჭირს და კედლებს აქეთ–იქით აწყდება, გვჭირდება იმის მიხვედრა, რომ ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს და რამდენადაც კარგი ხალხი არ უნდა იყვნენ ჩვენი მეგობრები თუ პარტნიორები, ბოლოს აქ, ამ ქვეყანაში ჩვენ ვრჩებით და ჩვენი მოსაგვარებელი იქნება ყველა პრობლემა.

ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი! გვჯეროდეს, რომ უკეთესი მომავალი აუცილებლად დადგება და საქართველო მარადიულია!

"მსოფლიო სპორტი" ყველას გილოცავთ ახალ წელს. სიხარულს, ჯანმრთელობას და დიდ ბედნიერებას გისურვებთ!

0.121679