ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელი ნილ უორნოკი ცუდი შედეგების გამო უახლოეს პერიოდში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება.
“საუთჰემპტონთან” 1:3 მარცხის შემდეგ გუნდი გასავარდნ ზონაში დაეშვა, რაც კლუბის ხელმძღვანელობას რადიკალური ზომების მიღებისკენ უბიძგებს. თავად უორნოკი, რომელიც “კრისტალ პალასში” აგვისტოში, ტონი პუილისის დათხოვნის შემდეგ მივიდა, აქცენტს უიღბლობაზე აკეთებს.
“ვფიქრობ, გასულ სეზონში “კრისტალ პალასს” ნაწილობრივ უმართლებდა. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვხედავ, რომ რამეში გვიმართლებდეს” - თქვა უორნოკმა The Guardian-თან.
66 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მას კი არ გაათავისუფლებენ, გუნდის გაძლიერების საშუალებას მისცემენ. ყველაზე მეტად უორნოკი თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, მთავარ სატრანსფერო სამიზნედ კი “სუონსის” ფრანგ ფორვარდ ბაფეტიმბი გომისს მიიჩნევს, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 14 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.