26 დეკემბერს ვაკეში მდებარე "ფალავანთა კლუბში" საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები შედგა, რომელშიც პრეზიდენტობის 4კანდიდატი რომან რურუა, მანუჩარ კვირკველია, გიორგი მაკასარაშვილი და ვალერი გელაშვილი მონაწილეობდნენ. რურუამ და მაკასარაშვილმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა კი კვირკველიამ და გელაშვილმა გააგრძელეს. ფარული კენჭისყრით 59:43 გაიმარჯვა კვირკველიამ და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
არჩევნებში დელეგატის მანდატი 110 პირისთვის იყო განკუთვნილი. მწვრთნელის ვლადიმერ ადეიშვილის გარდაცვალების შემდეგ დელეგატთა რაოდენობა 109-მდე შემცირდა. ყრილობა 12:30 საათზე იყო დანიშნული. როგორც ქართველებს ხშირად სჩვევიათ, ეს ყრილობაც მოგვიანებით, კონკრეტულად კი 14:20 წუთზე დაიწყო. 109 დელეგატიდან აღნიშნულ ყრილობაზე 106 გამოცხადდა. ყრილობა რურუამ გახსნა. საჭირო გახდა კრების თავმჯდომარის არჩევა. დებულებიდან გამომდინარე, ფედერაციის სამი ვიცე-პრეზიდენტიდან დიტო გელაშვილს, ედიშერ მაჩაიძესა და თემურ ყაზარაშვილს შორის ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. კრების თავმჯდომარის არჩევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მართალია ექსცესს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სიტუაცია უაღრესად დაძაბული იყო. საბოლოოდ არჩევანი ყაზარაშვილზე შეაჩერეს, რომელმაც თავმჯდომარის პოსტი პრეზიდიუმში დაიკავა და ყრილობას გაუძღვა. შეიძლება ითქვას, რომ ყაზარაშვილმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა და ყრილობა ექსცესების გარეშე ჩაატარა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რურუამ და მაკასარაშვილმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ კვირკველია და გელაშვილი, რომლებმაც პრეზიდენტობის სავარძლისთვის ბრძოლა გააგრძელეს.
მანუჩარ კვირკველია: “ჩემი პრეზიდნტად არჩევის შემთხვევაში ფედერაცია შედეგებზე იქნება ორიენტირებული. უნდა გაიხსნას რაც შეიძლება მეტი სასპორტო დარბაზი. სპორტსმენებს დამსახურების მიხედვით უნდა დავუნიშნოთ ხელფასი. ყურადღების გარეშე არც ვეტერანები არ უნდა დავტოვოთ. დავითანხმე რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებიც პერსპექტიულ მოჭიდავეებს დაეხმარებიან. მათ შორის პირველ რიგში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს”.
ვალერი გელაშვილი: “დიდი პატივია ჩემთვის ამ შენობაში შემოსვლა, რომელიც 18 წლის ასაკში, როგორც სპორტსმენმა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების, ტრავმის გამო დავტოვე. ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გავარემონტებ "ფალავანთა კლუბს", რომელიც დიდი ხანია ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ასევე გავარემონტებ "ფალავანთა კლუბის" მიმდებარე მდებარე სპორტსმენთა საერთო საცხოვრებელს, რომელიც ამჟამად ჩვენი ქვეყნის ადგილმონაცვლე მოსახლეობას აქვს დაკავებული. რაც შეეხება იქ მცხოვრებლებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრის დახმარებით სხვა საცხოვრებელს გამოვუძებნით. სიტყვას ვიძლევი, რომ ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშ,ი ვინც შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მოგებას, ჩემი სახსრებით თითოეულ მათგანს ბინას შევუძენ. უნდა მოიხსნას დაძაბულობა ჭიდაობის სამყაროში. თუ ეს არ მოწესრიგდა, არაფერი გამოვა. მიუღებლად მიმაჩნია პრეზიდენტის მიერ ამა თუ იმ საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტა. პირადად შევხვდი პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილ კანდიდატებს გურამ საღარაძესა და რომან რურუას, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ფედერაციის ყველა წევრისაგან მივიღებ საერთო საქმისათვის სასურველ რჩევას და საკითხებს ერთობლივად გადავწყვეტთ”.
პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს დელეგატებმა დავით გობეჯიშვილმა, რამაზ ნოზაძემ, ედიშერ მაჩაიძემ კითხვები დაუსვეს. დელეგატებს სიტყვით მიმართეს რომან რურუამ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ლერი ხაბელოვმა. ამის შემდეგ დაიწყო ფარული კენჭისყრა, რომელშიც 106 დელეგატიდან 105 მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება 106-ე წევრს, გაურკვეველი მიზეზის გამო ამ დელეგატმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.
როგორც ხმის დათვლის შემდეგ გაირკვა, 105 ბარათიდან 3 ბათილად გამოცხადდა, ხოლო 102 დელეგატიდან 59 კვირკველიას, ხოლო დანარჩენმა 43 გელაშვილს დაუჭირა მხარი. გელაშვილმა კვირკველიას ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება და პრეზიდენტის რანგში წარმატება უსურვა. რაც შეეხება კვირკველიას, მასმედიასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან ითანამშრომლებს და ეცდება ჭიდაობის სამყარომ პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტოს.
ყრილობის დასრულების შემდეგ მსოფლიო სპორტი ყრილობის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა
გიორგი მაკასარაშვილი:
-თქვენ და რურუამ რატომ მოხსენით კანდიდატურა?
-მე, რურუა და კვირკველია ერთ ბანკში ვიმყოფებოდით, ამიტომ აზრი არ ჰქონდა სამივეს მონაწილეობას არჩევნებში და მე და ბატონმა რომანმა ჩვენი კანდიდატურები მოვხსენით.
-გელაშვილს უკეთესი პროგრამა ჰქონდა, თქვენი აზრით ჭიდაობის სამყარომ რატომ თქვა უარი მის მიერ შემოთავაზებულ მაცდურ წინადადებებზე, მაგალითად მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონებისათვის ბინის შეძენა, "ფალავანთა კლუბის" რემონტი და სხვა...
-მოჭიდავეებს კარგად ახსოვთ, რომ პრეზიდიუმის 4 წევრიდან, რომლებმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ კურტანიძეს მხარი დაუჭირა, ერთ-ერთი მათგანი გელაშვილი იყო. რაც შეეხება დაპირებებს, გელაშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ვიცე-პრეზიდენტი და თუ რაიმეს გაკეთება სურდა, აქამდე იმ დანაპირებების მეათედი მაინც შეეძლო გაეკეთებინა.
დავით გობეჯიშვილი:
-ბატონო დავით, რას ფიქრობთ, დღევანდელ არჩევნებში ღირსეულმა გაიმარჯვა?
-უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა. კვირკველიამ 16 ხმით მოუგო მოწინააღმდეგეს და ეს ცოტა ნამდვილად არაა.
-კვირკველია კარგი სპორტსმენი იყო, რომელმაც ყველა ტიტულის მოგება მოახერხა, მაგრამ ფედერაციაში ჯერ არცერთ თანამდებობზე არ უმუშავია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს და პირდაპირ პრეზიდენტად მოევლინა ჭიდაობის სამყაროს. სამაგიეროდ აქვს ბიზნესი, რომელსაც კარგად უძღვება. ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება საკმარისი იქნება პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად?
-თუ ვერ შეასრულებს მისი წინამორბედის, ლუკა კურტანიძის ბედს გაიზიარებს.