Goal.com-მა გერმანიის ბუნდესლიგის პირველი წრე შეაჯამა და სიმბოლური გუნდი დაასახელა.
მეკარის პოზიცია “ფრაიბურგის” 24 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს რომან ბურკს ერგო. “ფრაი” ბუნდესლიგაში ბოლო პოზიციაზეა, თუმცა მოპოვებული ქულები დიდწილად ბურკის დამსახურებაა. მან მიმდინარე სეზონში 17 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
მცველებს შორის “აუგსბურგის” ჰოლანდიელი ლეგიონერი პოლ ვერჰეგი მოხვდა. 31 წლის ფეხბურთელმა წლეულს, თავისი პოზიციის მიუხედავად, 17 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
სიმბოლურ გუნდშია მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშე ჟერომ ბოატენგი. გერმანიის ნაკრების უკანახაზელმა ბუნდესლიგაში 14-ჯერ ითამაშა.
დაცვის სამეულს “ვოლფსბურგის” ვეტერანი ბრაზილიელმა მცველი ნალდო ასრულებს. 32 წლის ფეხბურთელი ახალგაზრდობას განიცდის. ბრემენის “ვერდერის” ექს მოთამაშემ 17 შეხვედრაში 5-ჯერ იხეირა.
სიმბოლურ გუნდშია “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ესპანელი ჩაბი ალონსო. 33 წლის ალონსო მიუნხენში წლეულს გადაბარგდა და უმალ გუნდის ლიდერად იქცა. ბასკმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 15 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.
გამორჩეულ 11 ფეხბურთელს შორისაა “ვოლფსბურგის” კიდევ ერთი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი. ბელგიის ნაკრების წევრმა ბუნდესლიგაში პირველი წრის ყველა მატჩი ჩაატარა და მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა.
სიაშია “ლევერკუზენის” 24 წლის ნახევარმცველი კარიმ ბელარაბი. გერმანელი ფეხბურთელი წლეულს მართლაც მშვენივრად ასპარეზობს. პირველ წრეში მან 8 გოლი გაიტანა.
გასაკვირი არაა, რომ სიმბოლურ გუნდში “ბაიერნის” 25 წლის ლიდერს ტომას მიულერსაც ვხედავთ. მიულერმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა შეძლო.
თავდასხმის სამეული არიენ რობენმა, ალექსანდრ მეიერმა და ერიკ ჩუპო-მოტინგმა შეავსეს. ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ფრანკფურტის “აინტრახტის” ფეხბურთელს 16 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო “შალკეს” კამერუნელ ლეგიონერს 9 გოლი აქვს აქტივში 17 ჩატარებულ შეხვედრაში.
მთავარ მწვრთნელებში კი “აუგსბურგის” დამრიგებელი მარკუს ვეინზიერი გამოარჩიეს. “აუგსბურგი” მიმდინარე სეზონში 27 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
სიმბოლური გუნდი:
მეკარე: რომან ბურკი (“ფრაიბურგი”)
მცველები: პოლ ვერჰეგი (“აუგსბურგი”), ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), ნალდო (“ვოლფსბურგი”)
ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”), კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”), კარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”)
თავდამსხმელები: არიენ რობენი (“ბაიერნი”), ალექსანდრ მეიერი (“აინტრახტი”), ერიკ ჩუპო-მოტინგი ("შალკე")
მწვრთნელი: მარკუს ვეინზიერი (“აუგსბურგი”)