ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა ადამა ტრაორემ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ლივერპულის “ევერტონი” მზადაა მალელი ფესვების მქონე 18 წლის ფეხბურთელი ერთი წლით ინათხოვროს.
აღნიშნული იჯარის განხორციელება 2015 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. ტრაორეს გადაბირება “ევერტონის” თავკაც რობერტო მარტინესს სურს.
მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” მთავარი გუნდის მაისური მხოლოდ ერთ მატჩში მოირგო. ესპანეთის თასზე “უესკასთან” მოგებულ შეხვედრაში (8:1) ტრაორემ ერთი გოლი გაიტანა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში შემტევმა 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და რვაჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.