უელსის ეროვნული ნაკრების შემტევი გარეთ ბეილი მადრიდის “რეალიდან” აბარგებას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურ “მარკას” თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.
ბოლო რამდენიმე დღეა ევროპული მედია ბეილის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო სარეკორდო (153 მილიონი ევრო) ტრანსფერზე საუბროს. როგორც ცნობილია, უელსელის გადაბირებით “წითელი ეშმაკების” თავკაცი ლუის ვან გაალია დაინტერესებული.
“მადრიდის “რეალს” დავტოვებ? არა. ვგეგმავ “სამეფო კლუბში” რამდენიმე წელიწადი ვითამაშო. ჩვენ შეგვიძლია ერთად ბევრი ტიტული მოვიგოთ.” – განაცხადა ბეილმა.
მიმდინარე სეზონში ბეილმა 22 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 5-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “სან ლორენცოსთან” უელსელმა 51-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა და “რეალს” მორიგი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.