აფრიკული ქვეყნების ეროვნული ნაკრებების რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის საკითხი ბიუჯეტის არქონის გამო არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ამჯერად აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა კოტდივუარი, მაგრამ საბოლოოდ სპილოს ძვლის სანაპიროს ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ ნაკრებს სათანადო ბიუჯეტი დაუმტკიცა.
თავდაპირველად, ეროვნული ფედერაცია ეკვატორულ გვინეაში ვოიაჟისთვის ნაკრებს 310 მილიონ ფრანკს სთავაზობდა, თუმცა კოტდივუარელებმა აფრიკის თასზე მონაწილეობა იუარეს. საბოლოოდ, ნაკრებს 3.5 მილიარდი ფრანკი დაუმტკიცეს და კოტდივუარი გვინეაში გაემგზავრება.
აფრიკის ეროვნებათა თასის 2015 წლის გათამაშება 17 იანვარს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. კოტდივუარელები D ჯგუფში არიან განთესილნი და ურთიერთობას კამერუნის, გვინეის და მალის ნაკრებებთან გაარკვევენ.