დღეს “არენა 1”-ში ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფუტსალისტთა გუნდები შეხვდნენ.
ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა იხილა. პირველ ტაიმში შედარებით სტუ-ს ფეხბურთელები აქტიურობდნენ, რაც 9-ე წუთზე ტაბლოზეც სათანადოდ აისახა 1:0 და გუნდები შესვენებაზე ამავე ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმი მაღალ ტემპში დაიწყო და უპირატესობას უკვე თსუ-ს ფეხბურთელები ფლობდნენ, ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს და შეხვედრის 25-ე წუთზე მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა. ამავე ანგარიშით დამთავრდა მატჩის ძირითადი დრო. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც თსუ-ს ფეხბურთელებმა უკეთ გამოიყენეს, 5:4 გაიმარჯვეს და საუნივერსიტეტო ფედერაციის თასის მფლობელები გახდნენ.
ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია “ბილაინის” მხარდაჭერით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ოცდაათმა უნივერსიტეტმა მიიღო.