იტალიაში 2014-2015 წლების სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. სპეციალისტები სხვადასხვა მონაცემებს აჯამებენ და მათ განვლილი 16 ტურის შედეგების მიხედვით სერია A-ს სიმბოლური გუნდიც შეადგინეს.
კარში ადგილი “ჯენოას” 22 წლის მეკარეს მატია პერინს ერგო. გასული სეზონის აღმოჩენა ფეხბურთელი, წლეულსაც კარგად გამოიყურება და გენუელების წარმატებულ ასპარეზობაში ლომის წილი მიუძღვის.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე “მილანის” ფლანგელს ინაციო აბატეს ვხედავთ. აბატემ, რომელსაც გასული სეზონის შემდეგ კრიტიკა არ მოჰკლებია, მიმდინარე სეზონში 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა შემდეგ დაშავდა და ამჟამად მკურნალობს. წლეულს იგი მოედანზე მხოლოდ 10-ჯერ გავიდა.
დაცვის ცენტრში “ემპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი დანიელე რუგანი მოხვდა. 20 წლის ფეხბურთელზე დიდ იმედს აქამდეც ამყარებდნენ, მაგრამ ასეთ კარგ თამაშს ამ ეტაპზე ბევრი არ ელოდა. რუგანიმ გარდა იმისა, რომ დაცვაში დამაჯერებელი თამაშით გამოიჩინა თავი, მეტოქეთა კარში 2 გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან იტალიის ნაკრების თავკაცის ანტონიო კონტეს ყურადღებაც მიიპყრო.
რუგანის მხარდამხარ ტურინის “იუვენტუსის” 27 წლის უკანახაზელი ლეონარდო ბონუჩი დგას. ბონუჩი მიმდინარე სეზონში მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება და ტურინელთა დაცვის უდავო ლიდერია. ბონუჩიმ “რომასთან” პრინციპულ შეხვედრაში თავის გუნდს 3 ქულაც მოუტანა.
დაცვის მარცხენა ფლანგი “ჯენოას” კაპიტან ლუკა ანტონელის აბარია. ანტონელი მართლაც კარგ სეზონს ატარებს. მიუხედავად პოზიციისა, მან 15 შეხვედრაში მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა.
ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე “ნაპოლის” ესპანელი ლიდერი ხოსე კალეხონი მოხვდა. კალეხონს მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ესპანელი მოთამაშისთვის სეზონის სტარტი აღმოჩნდა.
საპირისპირო ფლანგზე “მილანის” ფრანგი ლეგიონერი ჟერემი მენეზი განთავსდა. მენეზი “როსონერის” ადვილად შეერწყა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. მენეზმა გულშემატკივრებს თავი განსაკუთრებით ლამაზი გატანილი გოლებით დაამახსოვრა.
ცენტრალური ნახევარმცველისთვის განკუთვნილი პირველი პოზიცია მენეზის თანამემამულე პოლ პოგბამ დაიკავა. 21 წლის ნახევარმცველი “იუვენტუსის” ნამდვილი ლიდერია. წლეულს მან მოწინააღმდეგეთა კარში 3 გოლი გაიტანა.
პოგბას გვერდით “რომას” ბელგიელი ნახევარმცველი რეჯა ნაინგოლანია. ბელგიელი საოცარ სეზონს ატარებს და დიდწილადაა მის თამაშზე რომაული გუნდის წარმატება დამოკიდებული. მასაც 3 გოლი აქვს გატანილი.
თავდასხმაში ერთი ადგილი “პალერმოს” 20 წლის ბომბარდირმა პაულო დიბალამ დაიკავა. არგენტინელი ფეხბურთელი იმდენად კარგად თამაშობს, რომ მისით ლონდონის “არსენალი” და “დორტმუნდი” დაინტერესდნენ. დიბალას წლეულს მეტოქეთა კარი 7-ჯერ აქვს დალაშქრული.
ახალგაზრდა ფეხბურთელის მეწყვილედ მის გამოცდილ თანამემამულეს კარლოს ტევესს ვხედავთ. ტევესი მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და სიმბოლურ გუნდში მისი მოხვედრა გასაკვირი არცაა. “აპაჩს” 10 გოლი აქვს გატანილი.
მთავარ მწვრთნელებში გენუის “სამპდორიას” სერბი დამრიგებელი სინიშა მიხაილოვიჩი გამოარჩიეს. მის მიერ გაწვრთნილი გუნდი საოცარ სეზონს ატარებს და 27 ქულა აქვს დაგროვილი, რითაც “ლაციოსთან” და “ნაპოლისთან” ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს. გარდა ამისა, “სამპა” ტურინის “იუვენტუსთან” ერთად ის გუნდია, რომელმაც სეზონში ყველაზე ცოტა - მხოლოდ ერთი მარცხი აქვს განცდილი.
სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: მატია პერინი (“ჯენოა”);
მცველები: ინაციო აბატე (“მილანი”), დანიელე რუგანი (“ემპოლი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ლუკა ანტონელი (“ჯენოა”);
ნახევამცველები: ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), რეჯა ნაინგოლანი (“რომა”), ჟერემი მენეზი (“მილანი”);
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“პალერმო”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”);
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი (“სამპდორია”).