ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, აარონ ლენონის დამატებას და კლუბის საუკეთესო ბომბარდირთან, ჩარლი ოსტინთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს – იუწყება ბრიტანული პრესა.
ლენონს მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემის” ძირითადში მოხვედრა უჭირს, რითაც ინგლისელი უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. მისი ყოფილი თავკაცი, ჰარი რედნაპი ქპრ-ში გადასვლის შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილს ჰპირდება. ლენონის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ფუნტია. მიმდინარე სეზონში აარონმა პრემიერლიგაში 9 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
რაც შეეხება ჩარლი ოსტინს, 25 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ათამაშდა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 11 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მისით რამდენიმე ძლიერი კლუბი უკვე დაინტერესდა და ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ დაიწყო ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ზრუნვა, რომლის თანახმადაც ოსტინის ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება. ჩარლის ქპრ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.