ლიონელ მესი კუბის საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina-ს მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგად სამხრეთ ამერიკის 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. რეფერენდუმში მონაწილეობა აზიის, აფრიკის, ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის 137 ავტორიტეტულმა გამოცემამ მიიღო.
“ბარსელონას” ფორვარდს სერიოზული კონკურენცია გაუწიეს მადრიდის “რეალის” კოლუმბიელმა ლეგიონერმა ხამეს როდრიგესმა და ველოსპორტში წლევანდელი “ჯირო დ’იტალიას” კოლუმბიელმა ტრიუმფატორმა ნაირო კინტანამ. მეორე-მესამე ადგილები სწორედ მათ ხვდათ წილად.
გუნდებს შორის Prensa Latina-ს გამოკითხვაში სამივე მოწინავე ადგილი საფეხბურთო კოლექტივებმა დაიკავეს. პირველზე ბრაზილიის მუნდიალის ფინალისტი არგენტინაა, მეორე კოლუმბიის ეროვნული ნაკრებია, მესამე კი პერუს 15 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები. პერუელმა ჭაბუკებმა ჩინეთის ქალაქ ნანკინის იუნიორთა ოლიმპიური თამაშები მოიგეს.
ქალთა შორის გამოკითხვაში დიდი უპირატესობით კოლუმბიელმა მძლეოსანმა კატარინა იბარგუენმა იმარჯვა. კატარინა სიმაღლეზე, სიგრძეზე ხტომასა და სამხტომში ასპარეზობს. წლეულს მან სამხტომში მსოფლიოს ჩემპიონატი და პრესტიჟული მძლეოსნური შეჯიბრება “ბრილიანტის ლიგა” მოიგო.
ლიონელ მესი და კატარინა იბარგუენი 2011 წელსაც სამხრეთ ამერიკის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს.