ფეხბურთი

22:59 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაინ-უირის დერბიში “შავმა კატებმა” იმარჯვეს, “ლივერპულს” ქულა შკრტელმა გადაურჩინა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. “ნიუკასლმა” ტაინ-უირის დერბიში “სენტ ჯეიმს პარკზე” “სანდერლენდი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე დამარცხდა.

შეხვედრა სტუმრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მთლიანად პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარეს. 22-ე წუთზე “შავმა კატებმა” პირველი საგოლე მომენტი შექმნეს, ვიკჰემმა დაახლოებით ორი მეტრიდან ააცილა თავურით. 4 წუთში სტუმრებმა ძალიან ლამაზი შეტევა განახორციელეს, ლარსონმა შესანიშნავი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე სტივენ ფლეტჩერი გაიყვანა, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ალნვიკის კარში, მაგრამ ხარიხას გაარტყა. 29-ე წუთზე მეტოქის კარს კვლავ ვიკჰემი დაემუქრა, მაგრამ 21 წლის მეკარეს ვერ აჯობა. “ნიუკასლმა” პირველ ნახევარში ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნა – 35-ე წუთზე პერესი საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყამდა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმიც სტუმართა შეტევებით დაიწყო და 53-ე წუთზე ხორდი გომესმა 100%-იანი მომენტი გაატანა ქარს. 63-ე წუთზე უკვე მასპინძლებს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ პანტელიმონმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და პერესს არ გაატანინა. 10 წუთში კიპერმა კიდევ ერთხელ აჯობა ესპანელ ფეხბურთელს, ხოლო საპასუხოდ 77-ე წუთზე ადამ ჯონსონმა ააცილა ხელსაყრელი პოზიციიდან. გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ჯონსონმა თქვა, 90-ე წუთზე გუსტავო პოიეტის შეგირდებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ინგლისელმა ნახევარმცველმა დააგვირგვინა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა დერბიში – 0:1. აღსანიშნავია, რომ ენტონი ტეილორს 8-ჯერ დასჭირდა ფეხბურთელების გაფრთხილება, რაც ინგლისში არც თუ ისე ხშირად ხდება. ადვილი მისახვედრია თუ რაოდენ ხისტი და დაძაბული იყო ტაინ-უირის დერბი.

უდიდეს ინტერესს იწვევდა დღის მეორე შეხვედრაც, რომელშიც “ლივერპული” ლონდონის “არსენალს” მასპინძლობდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მასპინძლებს მოგება მართებდათ და მატჩი აქტიურად დაიწყეს. მე-12 წუთზე პირველი სახიფათო მომენტი ადამ ლალანამ შექმნა, რომელმაც კარს ზემოდან გადააცილა. 35-ე წუთზე თამაშში ჩართვა უკვე შესნის მოუწია, პოლონელმა კიპერმა ლაზარ მარკოვიჩს არ გაატანინა ახლო მანძილიდან. მასპინძლებმა პირველ ტაიმში გოლის გატანა მაინც მოახერხეს, 45-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ ერთი მოძრაობით ჩამოიშორა მატიე დებუში და შორეულ კუთხეში გაუტანა შესნის. “წითლებმა” ძალიან საჭირო დროს გაიტანეს, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, გოლი “გასახდელში გაატანეს” მეტოქეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მსგავს სიტუაციაში თავად აღმოჩნდნენ მერსესაიდელები – “მეთოფეებმა” ჯარიმის მოპოვება მოასწრეს და მე-2 დამატებულ წუთზე თავური დარტყმით წინა ეპიზოდის ანტი-გმირმა დებუშიმ წონასწორობა აღადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს ასეთ დროს გაშვებული გოლით, მეორე ნახევარი მაინც კარგად დაიწყეს, 59-ე წუთზე ლუკას ლეივამ ააცილა ხელსაყრელი პოზიციიდან, ხოლო 2 წუთში ჯერარდმა გაუშვა ხელიან შანსი. გამოუყენებელი მომენტების გამო მასპინძლები დაისაჯნენ, 64-ე წუთზე სანტი კასორლამ და ოლივიე ჟირუმ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ჯონსს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი. მერსესაიდელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და მიყოლებით შექმნეს მომენტები. 71-ე წუთზე კვლავ ლეივა დაემუქრა შესნის კარს, მაგრამ ოდნავ ააცილა. 86-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულ ბორინის თავური დარტყმული აუღო შესნიმ. მასპინძელთა მდგომარეობა იტალიელმა ფორვარმა უფრო დაამძიმა, რომელმაც ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი აიკიდა და მოედნის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, “ენფილდის” ბინადრებმა ბოლომდე იბრძოლეს და 97-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მარტინ შკრტელი გამოეხმაურა და თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2. “ლივერპული” 22 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო “არსენალი” 31 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

ნიუკასლი – სანდერლენდი 0:1 (0:0)


ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ალნვიკი, ს.ტეილორი, კოლოჩინი, დუმეტი, ჯანმაატი, ტიოტე (სისე 75), კოლბეკი, ამეობი (კაბელია 89), გუფრანი (არმსტრონგი 59), სისოკო, პერესი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

სანდერელნდი (4-1-4-1):
პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, კოატესი, ვერჯინი, კატერმოლი (ბრიდკუტი 70), ლარსონი (როდუელი 94), ხ.გომესი, ვიკჰემი (ბაკლი 81), ჯონსონი, ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლი: ჯონსონი 90.
გაფრთხილებები: კოლოჩინი, ტიოტე, კოლბეკი, დუმეტი – კოატესი, ვიკჰემი, კატერმოლი, ოში
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15(7)-16(3), ჯარიმა: 15-15, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-7

ლივერპული – არსენალი 2:2 (1:1)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (3-4-3): ჯონსი, ტურე (ლამბერტი 81), შკრტელი, სახო, ლეივა, ჯერარდი, მარკოვიჩი (ბორინი 74), ჰენდერსონი, კოუტინიო, სტერლინგი, ლალანა.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

არსენალი (4-1-4-1): შესნი, დებუში, მერტესაკერი, ჩემბერსი, გიბსი, ფლამინი, კასორლა, ჩემბერლენი (კემპბელი 90), სანჩესი (მონრეალი 94), უელბეკი, ჟირუ (კოკლენი 82).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 კოუტინიო (45), 1:1 დებუში (45+2), 1:2 ჟირუ (64), 2:2 შკრტელი (97).
გაფრთხილებები: ბორინი – ფლამინი, დებუში, კასორლა
გაძევება: ბორინი 92.
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 27(10)-7(3), ჯარიმა: 6-14, კუთხური: 10-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-8

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 12. აუსტინი (ქპრ) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 9. ბონი ("სუონსი") - 8.


0.174654