ბლოგი

10:39 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭილყვავები

ჭილყვავი— ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ფერად შავია, ლურჯი, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ზრდასრულს ნისკარტის ფუძესთან კანი შიშველი აქვს. სპორადულად არის გავრცელებული ევრაზიაში. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება როგორც მობინადრე, ასევე ზამთარში ადგილობრივ პოპულაციებს ემატება ჩრდილოეთიდან დასაზამთრებლად მასობრივად შემოფრენილებიც. ბინადრობს მეტწილად კოლონიებად, მაღალ ხეებზე — ტყისპირებში, ჭალებში, ბაღებსა და მისთანებზე. თესვის დროს მავნებელია, კენკავს დათესილ მარცვლებს.

ჭილყვავები. როდესაც უკრაინაზე და ამ ყვეყნის უბედურებაზე ვფიქრობ, რატომღაც სულ ეს უცნაური ფრინველები მახსენდება. ალბათ ძველი, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საბჭოური ფილმებისა და ლიტერატურის გავლენაა. ხომ გახსოვთ? მოგრიხინებენ გრძელ შარაზე ტანკების კოლონები, მოუყვებიან მწკრივად მრგვალჩაფხუტიანი ჯარისკაცები გზისპირებს, ისმის საბრძოლო სიმღერები და ყოველი გასროლის ხმაზე ჭილყვავები ფრთხიალებენ ხეებზე და ბუჩქებზე.

ჭილყვავები გუნდებად ცხოვრობენ, ისევე, როგორც მრავალი ათასი სულიერი. ერთად ჭამენ და ერთად ანადგურებენ მოსავალს. ჭილყვავები ალბათ ყველგან არიან, მაგრამ უკრაინაში მაინც განსაკუთრებულად ბევრი. უკრაინის მთელი ისტორია ჭილყვავების მოგერიებაა. ასე იყო ადრე. ასეა ახლაც.

დონეცკის სტადიონი ის ადგილია, რომელზე ფიქრიც კი გულს ტკენს ადამიანს. სულ ცოტა ხნის წინ, ამ სტადიონისკენ მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი და ევროპის ჩემპიონატის დაუვიწყარი მატჩები იმართებოდა. დღეს კი ამ ნაგებობისგან ნანგრევებიღაა დარჩენილი და ამ ნანგრევებში რუს ტერორისტებს (რთულია მათ მებრძოლები, ანდა ჯარისკაცები უწოდო) საზენიტო დანადგარები აქვთ ჩაყენებული, რომლებიც პერიდულად ბომბავენ უკრიანელების პოზიციებს. გარშემო მოსახლეობა გახიზნულია. დონეცკი მოჩვენებების ქალაქია, საიდანაც უკრაინელები კარგ შემთხვევაში გაყარეს, უარეს შემთხვევაში კი ეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები უკვალოდ არიან გამქრალნი. გარშემო მხოლოდ ჭილყვავები არიან - ფორმიანი და უფორმო ჭილყვავები, რომლებიც სხვათა შექმნილის განადგურების დიდოსტატები არიან და ეს უკვე მათი ცხოვრების წესია.

პირდაპირ, ახლოს და ხელის მოკიდებით ჭილყავი ერთადერთხელ ვნახე და ისიც ბავშვობაში. იმ სოფელში, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ეს სოფელი აგვისტოს ომის დროს დაანგრიეს ასევე ჭილყვავებმა. შარაგზის პირას გუბეში პატარა, ერთიციცქნა ფრინველი ეგდო, რომელიც თავიდან მკვდარი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სუნთქავდა. იქვე, ბოსტანში ერთი მოხუცი კაცი მუშაობდა, რომელსაც დიდი სიხარულითა და ერთგვარი “აღმომჩენის სიამაყით“ ვაჩვენე ეს უცნაური ფრინველი და ძალიან გამიკვირდა, როცა იმ კაცმა ფრინველის დანახვაზე პირი იბრუნა და აშკარა იყო, რომ დიდად არ ეპიტნავა მისი დანახვა. როგორც უკვე გითხარით, ის სოფელი ახლა აღარ არსებობს და მის ნასახლარზე დღეს რუსული სამხედრო ბაზაა აშენებული. მეეჭვება ის მოხუცი კაციც იყოს ცოცხალი (ჩემს ბავშვობაში უკვე ღრმად მოხუცს, მეეჭვება, ამდენი ხანი ეცოხლა) მაგრამ ჭილყვავები არსად წასულან და აი ახლაც, ვუყურებ, როგორც ჩამომსხდარან ზამთრისგან ფოთლებშემოძარცვულ ხეზე.

არასოდეს ვყოფილვარ დონეცკის “შახტარის“ ქომაგი. ალბათ ბევრი თქვენთაგანიც ვერ დაიჩემებს ამ კლუბის დიდ გულშემატკივრობას, მაგრამ ახლა, როდესაც ეს გუნდი ჩვენი “გაგრასი“ და ცხინვალის “სპარტაკისა“ არ იყოს, ფორმიანი ჭილყვავების “დამსახურებით“ საკუთარი ქალაქისა და სტადიონის გარეშეა დარჩენილი, განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს ყველა ჩვენგანში. “შახტარს“ ჩემპიონთა ლიგის წილისყრაშიც გვარიანად უმუხთლა იღბალმა და დონეცკელები მერვედფინალურ ეტაპზე ისეთ ვერზილა გრანდს შეხვდებიან, როგორიც მიუნხენის “ბაიერნია“, მაგრამ ყოველთვის არის იმედი. მით უმეტეს, რომ დღეს ჭილყვავები ისე მხნედ ვეღარ არიან, როგორც უწინ. ერთხელ ჩვენი დროც დადგება!

0.112952