ფეხბურთი

17:39 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგი – 2014 წლის ევროპის ოქროს ბიჭუნა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი ევროპის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ტიტულის მოპოვება 21-წლამდე ფეხბურთელებს შეუძლიათ.

20 წლის სტერლინგთან ერთად აღნიშნულ ტიტულზე 40-კაციან სიაში ინგლისელი ფეხბურთელებიდან ნომინირებულნი ლუკ შოუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ჯონ სტოუნსი (“ევერტონი”), ერიკ დიერი (“ტოტენჰემი”) და კალუმ ჩამბერსი (“არსენალი”) გახლდათ. პრემიერლიგიდან ჯამში 10 ფეხბურთელი იყო წარდგენილი, პრიმერადივიზიონიდან – 5, იტალიის ჩემპიონატიდან – 5, ბუნდესლიგიდან – 6, ლიგა ერთიდან – 4, ერედივიზიონიდან – 3, ბელგიის ჩემპიონატიდან – 2, ხოლო პორტუგალიის, თურქეთის, შვეიცარიის, სერბეთის და სლოვენიის უმაღლესი დივიზიონებიდან თითო-თითო წარმომადგენელი.

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს 2003 წლიდან ასახელებენ. პირველივე გამარჯვებული ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა, მომდევნო წლებში კი საუკეთესოობა უეინ რუნის, ლიონელ მესის, სესკ ფაბრეგასს, სერხიო აგუეროს, ანდერსონს, პატოს, მარიო ბალოტელის, მარიო გიოტცეს, ისკოსა და პოლ პოგბას ხვდათ წილად.

0.124558