იტალიის სერია A-ს 2014 წლის ბოლო ტური ხუთშაბათს ორი შეხვედრით დაიწყო. დღეს და ხვალ კი დარჩენილი რვა მატჩი გაიმართება. ტურში სამი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რომაული გუნდები მილანური კლუბების წინააღმდეგ. “რომა” “მილანს”, ხოლო “ინტერი” “ლაციოს” უმასპინძლებს. კვირას კი სიყვარულის ქალაქი ორად გაიყოფა - ვერონაში დერბია.
“სასუოლო” – “ჩეზენა”
თარიღი: 20 დეკემბერი, 21:00 საათი
ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მე-16 ტური “სასუოლოსა” და “ჩეზენას” შეხვედრით გაგრძელდება. ორივე გუნდი ერთი კალიბრისაა და მიზნებიც ერთნაირი აქვთ, თუმცა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი დაკისრებულ ამოცანას ჯერჯერობით თავს კარგად ართმევს, რასაც “ჩეზენაზე" ნამდვილად ვერ ვიტყვით. კალჩოს ახალწვეულებს ვერც დომენიკო დი კარლომ უშველა და პირველი ტურის შემდეგ ისე მოუგებლად ასპარეზობს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სასუოლო” (4-3-3): პომინი; ვრსიალკო, ტერანოვა, აჩერბი, პელუზო; ტაიდერი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
“ჩეზენა” (3-5-2): ლეალი; კაპელი, ლუკინი, მანგუსონი; ნიკა, ჯორჯი, დე ფეუდისი, კაშონე, მაძოტა; დეფრელი, ალმეიდა
მსაჯი: ჩერვერელა
“რომა” – “მილანი”
თარიღი: 20 დეკემბერი, 23:45 წუთი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
წლის ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში გაიმართება. “რომა” “მილანს” მასპინძლობს. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის გამოირჩევა ფიცხელი ბრძოლით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორ ფორმაში იმყოფება მოცემულ მომენტში. რომაელები ლიდერ “იუვენტუსს” უკვე სათოფეზე მიუახლოვდნენ და ქულების განიავებას არც დღევანდელ შეხვედრაში უნდა გეგმავდნენ. თავის მხრივ, ფილიპო ინძაგის გუნდსაც თავისი მიზნები და ამოცანები ამოძრავებს. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს. ბოლო ტურში “როსონერიმ” “ნაპოლი” დამაჯერებლად დაამარცხა და გუნდის გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, იანგა-მბივა, მანოლასი, ჰოლებასი; კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი; ლიაიჩი, ტოტი, ჟერვინიო
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; ბონერა, მექსე, ძაპატა, არმერო; პოლი, დე იონგი, მონტოლივო; ჰონდა, მენეზი, ბონავენტურა
მსაჯი: რიცოლი
“ვერონა” – “კიევო”
თარიღი: 21 დეკემბერი, 15:30 წუთი
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
კვირა დღე ვერონული დერბით დაიწყება. ამ გუნდების შეხვედრა რა თქმა უნდა მილანურ და რომაულ დერბებთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ დერბი, მაინც დერბია. გუნდები სერია A-ს ეგიდით მეხუთედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი ცუდად ასპარეზობს. ნომინალურმა მასპინძლებმა 8 მატჩიანი მოუგებელი სერია წინა ტურში შეწყვიტეს, ხოლო “მფრინავი ვირები” გასავარდნ ზონასთან სტაბილურად ყურყუტებენ. და მაინც, “ვერონას” ლეგენდარული ლუკას ტონის სახით ხელში ნამდვილი ჯოკერი უჭირავს. დანარჩენი კი მწვანე მინდორზე გამოჩნდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ვერონა” (3-5-2): რაფაელი; მარკესი, მორასი, როდრიგესი; მარტიჩი, ლაზაროსი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი, ბრივიო; ლოპესი, ტონი
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, დაინელი, ძუკანოვიჩი; ბირსა, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; პალოსკი, მეჯორინი
მსაჯი: ჯერვაზონი
“ატალანტა” – “პალერმო”
თარიღი: 21 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”
ბერგამოში “ატალანტა” “პალერმოს” დაუხვდება. ბერგამოელები წლეულს ცუდად ასპარეზობენ და მე-16 ადგილზე იმყოფებიან. გუნდის სათამაო ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. სამაგიეროდ კარგ სეზონს ატარებს სიცილიური “პალერმო”. კუნძულელებს უკვე ზედიზედ 5 მატჩია არ წაუგიათ სატურნირო ცხრილში 21 ქულა აქვთ მოპოვებული. ვეჭვობთ, წარმატებული სერიის გაგრძელებას “ატლეტი აძურიზეც” შეეცდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ბენალუანე, სტენდარდო, კერუბინი, დრამე; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; დენისი, მორალესი
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო. ლაზაარი; დიბალა, ვასკესი
მსაჯი: ორსატო
“ფიორენტინა” – “ემპოლი”
თარიღი: 21 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მე-16 ტურში კიდევ ერთი დერბია, ამჯერად ტოსკანური. “ფიორენტინა” “ემპოლის” მასპინძლობს. “იებმა” ბოლო ოთხ თამაშში 10 ქულის დაგროვება შეძლეს და მდგომარეობა გაიუმჯობესეს. ახლა, ჩემპიონთა ლიგის ზონა ოცნების სფეროს არ განეკუთვნება და ვინჩენცო მონტელას მიმართ კრიტიკამაც იკლო. წარმატებული პერიოდი უდგას ლევან მჭედლიძის “ემპოლისაც”. ტოსკანელებს 5 ტურია არ წაუგია. გუნდი გასავარდნ ზონას 4 ქულითაა მოშორებული რაც აღებული ცუდი სტარტის შემდეგ უდაოდ კარგი შედეგია. სავარაუდო შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელის გვარი არ ფიგურირებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; სავიჩი, როდრიგესი, ბასანტა; კუადრადო, აკვილანი, პიზარო, ბორხა ვალერო, ალონსო; მატი ფერნანდესი, გომესი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ლაქსალტი, ვალდიფიორი, კროჩე; ვერდი; ტავანო, მაკარონე
მსაჯი: რუსო
“სამპდორია” – “უდინეზე”
თარიღი: 21 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა გენუის “სამპდორია”, რომელსაც 15 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი წაგება აქვს. ლიგურიელებმა გასულ ტურში არც ტურინში წააგეს ლიდერ “იუვენტუსთან”. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდში განსაკუთრებულად კარგად და შეთამაშებულად წინა ხაზი გამოიყურება ახალგაზრდა მანოლო გაბიადინის მეთაურობით, რომელიც შესაძლოა იანვარში “ნაპოლიში” ვიხილოთ. “სამპას” მოწინააღმდეგე “უდინეზე” კი არასტაბილურია. ანდრეა სტრამაჩონიმ გუნდის თამაშის დასტაბილურება ვერაფრით მოახერხა. მილანში, “ინტერის” ძლევის შემდეგ, წინა ტურში “ბიანკონერიმ” საკუთარ მოედანზე “ვერონასთან წააგო. უდინური კლუბის თამაში დიდწილად ისევდაისევ ვეტერან ტოტო დი ნატალეზეა დამოკიდებული.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სამპდორია” (4-3-3): რომერო; დე სილვესტრი, გასტალდელო, რეჯინი, მესბა; რიცო, პალომბო, ობიანგი; გაბიადინი, ოკაკა, ედერი
“უდინეზე” (4-4-1-1): კარნეზისი; ბელმონტე, ჰეტრო, დანილო, პასკუალე; ვიდმერი, ბადუ, გილერმე, კონე; ფერნანდესი; დი ნატალე
მსაჯი: ირატი
“ტორინო” – “ჯენოა”
თარიღი: 21 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილი: ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”
ტურინში “ტორინო” “ჯენოას” უმასპინძლებს. ტურინულ კლუბს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. “გრანატას” ხუთი შეხვედრაა არ მოუგია. ჯამპიერო ვენტურას გუნდის სერიოზული პრობელმა გოლის გატანაა. 15 ტურის შემდეგ “ტოროს” მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ “ატალანტას” სჯობნის. ჯამპიერო გასპერინის “ჯენოამ” კი ბოლო ტურში 8 მატჩიანი წაუგებელი სერია “რომასთან” შეწყვიტა. იმ მატჩში მასპინძლები მსაჯის მოქმედებებით უკმაყოფილონი იყვნენ და იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. “ჯენოა” ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ტრიალებს და არ იქნება გასაკვირი თუ პიემონტის დედაქალაქიდან შინ სამი ქულით ხელდმაშვენებული დაბრუნდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; კვალიარელა, მარტინესი
“ჯენოა” (4-3-3): ლამანა; რონკალია, ბურდისო, დე მაიო, ანტონელი; რინკონი, ბერტოლაჩი, სტურარო; იაგო ფალკე, მატრი, ლესტიენი
მსაჯი: ტომაზი
“ინტერი” – “ლაციო”
თარიღი: 21 დეკემბერი, 23:45 წუთი
ადგილი: მილანი, “სან სირო”
მე-16 ტური და საერთოდ 2014 წელი “სან სიროზე” სრულდება. “ინტერი” “ლაციოს” დაუხვდება. რობერტო მანჩინის თაოსნობით “ნერაძურიმ” ბოლო ტურში პირველი სამი ქულა მოიპოვა. “ინტერნაციონალეს” შედეგების გაუმჯობესება აშკარად მართებს, რადგან გუნდი არათუ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევრო ზონის მიღმაა დარჩენილი. ბოლო დროს ფერზე მოვიდა დედაქალაქური “ლაციო”. რომაელები სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილამდე აღზევდნენ, მაგრამ თუ მილანში გაიმარჯვებენ ერთი საფეხურით წინ წაიწევენ. წესით კალჩოში 2014 წელს გასამართმა ბოლო შეხვედრამ ტიფოზები გულგრილი არ უნდა დატოვოს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ჟუან ჟეზუსი, დოდო; გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი; კოვაჩიჩი; პალასიო, იკარდი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ; პაროლო, ლედესმა, ლულიჩი; ანდერსონი, კლოზე, მაური
მსაჯი: ტალიავენტო