ბოლო 7 წლის განმავლობაში უცხოეთში მოთამაშე არგენტინელთაგან უძლიერესად ლეო მესი სახელდებოდა, წლეულს კი პატაგონიელმა ჟურნალისტებმა საუკეთესოდ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ანხელ დი მარია სცნეს.
გასულ სეზონში დი მარია მადრიდის “რეალს” “დესიმას” (ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება) შესრულებაში დაეხმარა, არგენტინის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში კი ბრაზილიის მუნდიალის მეორეადგილოსანი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ანხელი “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდა.
არგენტინაში მოთამაშე ფეხბურთელთაგან წლის საუკეთესოდ “ველეს სარსფილდის” თავდამსხმელი ლუკას პრატო დაასახელეს. ამასთან, პრატო მალე ბრაზილიის “ატლეტიკო მინეიროში” გადავა.