კალათბურთი

2:44 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუმ” მე-2 ეტაპზე მარცხის მიუხედავად გააღწია

გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასის საწყისი ეტაპის დასკვნით მე-10 ტურში ბელგიაში “ტელენეტ ოსტენდესთან” 77:83 წააგო, თუმცა, B ჯგუფში მე-4 ადგილი შეინარჩუნა და მე-2 ჯგუფურ რაუნდში მაინც გადავიდა.

იტალიური კლუბი პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით იგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 07:24 წუთი გაატარა და 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

კანტუელებმა 4 მოგება და 6 მარცხი მოაგროვეს და ესპანურ “გრან კანარიას”, ხსენებულ “ოსტენდეს” და ფრანგულ “დიჟონს” ჩამორჩნენ, უკან კი ფრანგულივე “ვილერბანი” და გერმანული “არტლანდი” მოიტოვეს.

მე-2 ეტაპზე შერმადინის კლუბი ჟ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად რუსული “ხიმკი”, ბერძნული პაოკ-ი და ევროლიგის B ჯგუფის ბოლოადგილოსანი (ხორვატული “ცედევიტა” ან ფრანგული “ლიმოჟი”) ეყოლება. მე-2 ჯგუფური რაუნდის მატჩები გაისად, 6 იანვრიდან 11 თებერვლამდე ჩატარდება.

0.120934