კალათბურთი

23:57 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპი“-ს პროექტის ფარგლებში 200-მდე ბავშვი კალათბურთს უფასოდ სწავლობს

17 დეკემბერს, საკალათბურთო კლუბი „ოლიმპის“ უმაღლესი ლიგის მოთამაშეები, 162-ე საჯარო სკოლის დამწყებ კალათბურთელებს ეწვივნენ და მათთან ერთად ვარჯიში ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეებს უფროსი თაობის კალათბურთელების სტუმრობა ძალიან გაუხარდათ. ვარჯიშმა მხიარულად ჩაიარა. ეს დღე ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც ხალისიანად დასრულდა.

სკოლას „ოლიმპი“-ს უმაღლესი ლიგის მოთამაშეებთან ერთად, კლუბის 20-წლამდელებიც სტუმრობდნენ. მოსწავლეების ვარჯიშს, მოთამაშეების საბა ლობჟანიძის, ნუგო აბულაძის, ნოდო გოგოძის, არჩილ პულუზაშვილის, გიორგი გუგეშაშვილის და ზურა მაჩალაძის გარდა, „ოლიმპის“ მენეჯერი მიხეილ ფანჯიკიძე და კლუბის გენერალური სპონსორი „შპს სუპერ-გაზი“-ს მფლობელი მიშა აბულაძე დაესწრნენ. ჩვეულებრივ ვითარებაში 162-ე სკოლის აღსაზრდელებს ორი მწვრთნელი ამზადებს. მათი დამსახურებით, 9-10 წლის ბავშვები უკვე ფლობენ ბურთს, სწავლობენ შესვლას და სროლას.

კლუბი „ოლიმპი“ 2013 წლის ოქტომბრიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საჯარო სკოლებში კალათბურთის სწავლების უფასო პროექტს ახორციელებს. მასში უკვე ჩართულია ქალაქ თბილისის 162-ე, 69-ე, 63-ე 181-ე, 133-ე, 115-ე, მე-8 და ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლები. აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო გაკვეთილებით, ვაჟების გარდა, გოგონებიც დაინტერესდნენ და უკვე მათთვისაც ჩამოყალიბდა ჯგუფები. პროექტის ფარგლებში ბავშვები უზრუნვეყოფილნი არიან სავარჯიშოდ საჭირო ინვენტარით. კლუბი სკოლებში მიავლენს კვალიფიციურ მწვრთნელებს და მოსწავლეებს ყველა პირობას უქმნის ჯანსაღ გარემოში პროფესიონალ კალათბურთელებად ჩამოსაყალიბებლად.

მიხეილ ფანჯიკიძე, „ოლიმპი“-მენეჯერი: „საკალათბურთო კლუბი „ოლიმპი“, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლებში კალათბურთის უფასო გაკვეთილებს 2013 წლიდან ატარებს. სკოლის მოსწავლეები აბსოლუტურად უფასოდ იღებენ საკალათბურთო განათლებას. პროექტის მიზანი ბავშვების საკალათბურთო ცხოვრებაში ჩართვა იყო. ფაქტია, მიზანს მივაღწიეთ, დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 8 სკოლაში უკვე 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს კალათბურთში უფასოდ. მოხარული ვარ, რომ პროექტის ფარგლებში გოგონათა ჯგუფებიც ჩამოყალიბდა და მათგანაც დიდი დაინტერესება წამოვიდა კალათბურთის მიმართ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, რადგან პროექტის წამოწყება სწორედ მათი დახმარებით შევძელით. ერთ თვეში „შპს სუპერ-გაზი“ კლუბი „ოლიმპის“ მფლობელი გახდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ისინი უმთავრესად ბავშვთა კალათბურთის განვითარებით არიან დაინტერესებულნი და ამ პროექტის განვითარებაზე ზრუნავენ.“

გიორგი სამხარაძე, 162-საჯარო სკოლის საკალათბურთო ჯგუფის მწვრთნელი. მან პროექტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო საკალათბურთო ჯგუფების ჩამოყალიბება ძალიან კარგი იდეაა. ბავშვებს აქვთ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ, ივარჯიშონ და პროფესიონალ კალათბურთელებად შედგნენ. ბავშვებში დიდი ენთუზიაზმი იგრძნობა. მშობლებიც ძალიან კმაყოფილები არიან. 20-23 ბავშვი სტაბილურად ესწრება ვარჯიშებს და ძალიან უხარიათ აქ სიარული. ჩემი აზრით, სამაგალითო პროექტია და დროა სხვებმაც მიბაძონ „ოლიმპს“ მსგავსი პროექტებით.“

9 წლის გიორგი ქარჩხაძე 162-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა და კალათბურთის უფასო გაკვეთილებით სარგებლობს. ძალიან მოსწონს რასაც აკეთებს და აღტაცებულმა გაგვიზიარა: „ამ დარბაზში მოვდივართ და ვვარჯიშობთ. ძალიან კარგი გარემოა. ორი მწვრთნელი გვყავს, რომლებიც გვავარჯიშებენ. გვასწავლიან ბურთის ფეხში გატარებას, შესვლებს, სროლას. ჯერ არ ვიცი რა პოზიციას ვითამაშებ, მაგრამ ძალიან მინდა ჩემპიონატებზე გამოვიდე. ვარჯიშებზე ზოგჯერ ერთმანეთთან გვათამაშებენ ხოლმე მწვრთნელები. მომწონს კალათბურთი.“

ზუკა მაჩალაძე, სუპერლიგის მოთამაშე (ოლიმპი): „ბავშვებთან ვარჯიშის ჩატარება ძალიან სახალისო გამოცდილება იყო. თუმცა, მწვრთნელისთვის ეს საქმე ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. მათ აბარიათ ბავშვები, რომლებიც უნდა აღზადონ და ჩამოაყალიბონ კალათბურთელებად. უნდა შეარჩიონ 12-დან 5 საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც დააყენებენ და ათამაშებენ. მთავარია, რომ ეს ბავშვები თვითონ არიან მონდომებულები. მათ შექმნილი აქვთ ყველანაირი პირობა, ახლა ყველაფერი მათ შრომაზეა დამოკიდებული.”

0.111721