რაგბი

18:25 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა გორგოძე: “მსოფლიო თასის წინ გადამეტებული მოლოდინი არ უნდა შევქმნათ”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ტულონის” მესამეხაზელ მამუკა გორგოძისთვის უმძიმესი, ოთხთვიანი პერიოდი დასრულდა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, 30 წლის მორაგბე ჯერ ერთმა, მერე მეორე მუხლმა შეაწუხა და მოედანს ახლაღა დაუბრუნდა.

ასეთ პირობებში ვარსკვლავური “ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება ძალიან რთულია, თუმცა, მუდამ მებრძოლი გორგოძე დანებებას არ აპირებს. “მსოფლიო სპორტი” მას ტულონში შეეხმიანა და კლუბში მიმდინარე ამბების გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოეს წარსულსა და მომავალი წლის ბატალიებზე ესაუბრა.

მამუკა გორგოძე: “ტულონში” ფაქტობრივად ჯერ არ მითამაშია. ისე მოხდა, რომ სეზონის სტარტზე ჯერ ერთმა მუხლმა შემაწუხა, მერე ორ თამაშში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ფორმაშიც ვერ მოვასწარი შესვლა და მსგავსი ტრავმა მეორე მუხლზე მივიღე. ჯამში მთელი 4 თვე გამიცდა. “ლესთერთან” პირველ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი და ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია. მუხლებს არ შევუწუხებივარ, მაგრამ სხვა კუნთებმა შემაწუხა - მხარი, საზარდული, ხელი ამტკივდა. სერიოზული არაფერი იყო, თუმცა, “ლესთერთან” განმეორებით მატჩში მწვრთნელებმა მაინც არ დამტვირთეს და შეცვლაზე რამდენიმე წუთი მათამაშეს.

- ამდენი ტრავმის ფონზე კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემა ხომ არ შეგქმნია?

- ზოგადად ტრავმირებულ მოთამაშეზე მზე და მთვარე არსად ამოსდით, მაგრამ “ტულონში” პრეზიდენტიდან დაწყებული და მოთამაშეებით დამთავრებული ყველა მხარში მიდგას. რომ ვერ დავრბოდი მწვრთნელებისთვის ჩემი მონდომების ჩვენებას სატრენაჟორო დარბაზში ვცდილობდი და ისინი სულ მეუბნებოდნენ, რომ დაისვენე და მალე გამოჯანმრთელდები, ასე ნუ ნერვიულობო. უკვე 30 წლის ვარ, რაც რაგბისათვის პატარა ასაკი არაა და სამწუხაროდ, აღდგენისთვის უწინდელზე მეტი დრო მჭირდება. მაგრამ ეგ არაფერია, რაც მთავარია ახლა თავს კარგად ვგრძონ, თამაში მწყურია და ერთი სული მაქვს მოედანზე როდის გავალ.

- ესეიგი ახლა ხშირად გიხილავთ სასტარტო შემადგენლობაში?

- “ტულონის” დარ გუნდში მსგავსი რამის თქმა უბრალოდ გამორიცხულია. აქ ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა მაქსიმალისტი ვარ და სათადარიგოდ ყოფნას ვერ შევეგუები. ისიც კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რომ ვარსკვლავებით სავსე გუნდში მუდამ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა წარმოუდგენელია, აქ შეცვლაზე ყოფნაც კი დიდი პატივია, მაგრამ თავს არ დავზოგავ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად.

ხშირად მსმენია გულშემატკივრისგან ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეზე, რომ აი ისინი გუნდშიც იშვიათად თამაშობენო, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა - ორივე უძლიერესი მორაგბეა და თოპ 14-ის ნებისმიერ გუნდში, სასტარტო შემადგენლობაში ყოველთვის უპრობლემოდ მოხვდებოდნენ, მაგრამ “ტულონში” ყველა თამაშის წინ 23-კაციანი განაცხადის მიღმა იმდენი ვარსკვლავი რჩება, ერთი კარგი გუნდი გაკეთდება. ძალიან ბევრს იმითი, რომ ზედიზედ ორჯერ “ჰაინეკენის თასი” და შარშან ჩემპიონობაც აქვს მოპოვებული, განაცხადში ადგილი “ნაყიდი აქვს”, მათ თამაში დაიმსახურეს და მადლობელი ვიქნები მწვრთნელების ყველა იმ მოცემული შანსისთვის, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად ვეცდები.

- წლევანდელ სეზონში მთავარი ამოცანა ჩემპიონთა თასის მოგებაა თუ თოპ 14-ში პირველობა?

- ორივე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ და თავს არცერთ თამაშში არ დავზოგავთ. მწვრთნელმა ინტერვიუშიც თქვა - ამდენი მორაგბე იმის გამო ვიყიდე, რომ ორივე ტიტული უნდა მოვიგოთო. მან ჩემპიონთა თასის ჯგუფზეც თქვა - ნახეთ რა ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჯერ ამათ მოვუგრეხთ კისერს და მერე დანარჩენებსო. მოკლედ, ისეთ გუნდი გვყავს, პრიორიტეტს ვერ ავირჩევთ და ორივეგან ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ნოემბერში ტრავმა გაწუხებდათ და “ბორჯღალოსნების” თამაშებს თვალი საფრანგეთიდან მიადევნეთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მსოფლიო თასზე ჩვენს მომავალ მეტოქე ტონგაზე?

- მას ჩემი შეფასება არ სჭირდება, ჩვენზე მაღალი დონის გუნდია და მასთან ბიჭებმა მართლაც საუცხოო, მაღალ დონეზე ორგანიზებული გუნდური დაცვა ითამაშეს. მაგრამ ყველა სპორტში ასეა, როდესაც დროის 90 პროცენტი დაცვაში გიწევს თამაში, ადრე თუ გვიან გაუშვებ და ზუსტად ასე დაგვემართა. ნოემბრში გუნდმა სამივე შეხვედრაში კარგი დაცვა აჩვენა. სამწუხაროდ, შეტევაში ვერ გამოვიყენეთ ჩვენი უპირატესობა - შერკინება და მოლი, თორემ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ჩემს თავზე არ ვამბობ, მაგრამ ბევრი მორაგბე გვაკლდა. მსოფლიო თასზე ფავორიტი კვლავ ტონგა იქნება, მაგრამ მოგების შანსი გვექნება და ის უნდა გამოვიყენოთ - თავდადებული თამაშით, რაც არასდროს გვაკლია, ხანგრძლივი მზადების შემდეგ, გამარჯვების შანსი აუცილებლად გაგვიჩნდება.

- ირლანდიასთან და იაპონიასთან მატჩებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ირლანდიასაც მაგარი დაცვა ვეთამაშეთ და სამწუხაროდ, გულდასაწყვეტი სხვაობით დავმარცხდით. სამივე თამაშში გამოჩნდა, რომ შერკინებაში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მისი და მოლის გამოყენება მხოლოდ იაპონიასთან მოვახერხეთ. რაშიც ძლიერები ვართ, ის ყველა შეხვედრაში უნდა გამოვიყენოთ. იაპონიასთან გუნდმა ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა და გამოუვიდა ის, რაც წინა ორ თამაშში დააკლდა. კარგად გადავდიოდით მეტოქის ნახევარზე, მოლის უპირატესობაც გამოვიყენეთ და თამაში მოვიგეთ. მინდა აღვნიშნო შერკინების ძლიერი თამაში. აქ ყველა გამოირჩა, მაგრამ პირველი ხაზის ექვსივე მოთამაშე შეუდარებელი იყო.

- სულ მალე ერთა თასი იწყება და თქვენი აზრით, აქ მწვრთნელებმა უახლოესი რეზერვი უნდა ნახოს საქმეში თუ უძლიერესი შემადგენლობა ათამაშოს?

- მე როცა არ უნდა დამიძახონ, ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ ვითამაშო. არ მინდა ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ გერმანიასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან, სჯობს ის მორაგბეები ინახონ საქმეში, რომლებიც უახლოეს რეზერვად მოიაზრებიან. არავინ უნდა დარჩეს უნახავი, რათა გული არავის დაწყდეს, არავინ იგრძნოს თავი დაჩაგრულად და მწვრთნელებსაც მსოფლიოზე საუკეთესოების წაყვანის საშუალება მიეცემათ.

- რას უნდა ველოდოთ 2015 წლის მსოფლიო თასიდან?

- მსოფლიო თასზე მიზანი ორი თამაშის მოგებაა, მაგრამ ასეთი თამამი განცხადების გაკეთება, ცოტა არ იყოს, საშიშად მეჩვენება - არ მინდა გულშემატკივარს გადამეტებული მოლოდინი გაუჩნდეს. გასაგებია, რომ გვსურს ორი თამაშის მოგება და ამისათვის თავი უნდა დავდოთ. მაგრამ უფრო სწორი იქნება ისეთი განწყობის შექმნა, რომ ინგლისში ყველა გუნდთან ბოლომდე ვიბრძოლოთ. როდესაც ორ-სამთვიან შეკრებებს გავდივართ, კარგად ვიკვრებით და ჯგუფში, თუნდაც იმავე არგენტინასთან, ბოლომდე ტოლსწორად შეგვიძლია თამაში. არგენტინა ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია, მაგრამ შანსი მათთანაც გვექნება. ასევე, ჩვენზე ძლიერია ტონგაც და წინასწარ იმაზე საუბარი, რომ მათ აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ცოტა გადამეტებულად მეჩვენება.

ყველა მორაგბის ოცნებაა, ზელანდიას ეთამაშოს. ჩემი აზრით, აი, მანდ უნდა გავიდეთ მოედანზე და სული და გული დავდოთ, დასაკარგი ხომ არაფერი გვაქვს? პირადად მე ასეთი განწყობა მაქვს. შეიძლება ვერაფერიც ვერ გავაკეთო, მაგრამ სწორედ იქ გამოჩნდება, რა შემიძლია მე და მთლიანად გუნდს. ყველა მორაგბეს ვუსურვებ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ითამაშოს ზელანდიის წინააღმდეგ და მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატზე. თანაც თამაში კარდიფში გაიმართება და იქ ისეთი ატმოსფერო იქნება, თამაშისაგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო.

წინასწარ ძნელია ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ ნამიბიას აუცილებლად მოვუგებთ. მსოფლიო თასის წინ ნამიბიის ნაკრები სამხრეთაფრიკელ მორაგბეებს იმატებს და ყველას კარგად მოეხსენება, რა დონეზეა ამ ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა განვითარებული. ძალიან ბევრია იქ ისეთი ძლიერი მორაგბე, რომლებიც ნაკრებში ვერ ხვდებიან და მსოფლიო თასზე, თუნდაც ნამიბიის სახელით, დიდი სიამოვნებით ითამაშებენ. 2007 წელს ნამიბიას 30:0 კი მოვუგეთ, მაგრამ ახლა რას წარმოადგენს ეს გუნდი, არავინ იცის, მით უმეტეს, ვერავინ ვიტყვით, რა ძალა იქნება 2015 წელს და პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. თუმცა ეს სწორედ ის თამაშია, რომელიც უთუოდ უნდა მოვიგოთ.

- ახლახანს გადაწყდა, რომ თბილისში სპეციალურად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის 25-30-ათასიანი სტადიონი აშენდება.

- დიახ და ამით მორაგბეების დიდი ხნის ნატვრა ასრულდა. ყველას მადლობა, ვინც ამ გადაწყვტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა იმ მორაგბეებსაც, რომლებმაც წლების გარჯით დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბი მსგავსი სტადიონის ღირსია.

0.166638