ფეხბურთი

1:59 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” “კრუს ასულთან” გაინავარდა

მადრიდის “რეალმა”, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის საგზური იოლად მოიპოვა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ნახევარფინალში მექსიკური “კრუს ასული” გამოიჭირეს და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

“რეალმა” პირველი 2 გოლი მარჯვენა ფლანგზე დანი კარვახალის აქტიურობის შედეგად გაიტანა. მე-15 წუთზე, ესპანელი მცველის წაქცევისთვის დანიშნული სტანდარტიდან კროოსმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო სერხიო რამოსმა, თავური დარტყმით, ანგარიში გახსნა. ოციოდ წუთში, კარვახალმა მარჯვენა ფლანგიდან თავად ჩააწოდა და ბენზემას გაატანინა.

სამ წუთში, “რეალის” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. იკერ კასილიასმა, რომელსაც პენალტი 2011 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგერიებული, ბოლო 96 საათში 2 თერთმეტმეტრიანი დარტყმა აიღო. ლა ლიგაში “ალმერიასთან” კარგად თამაშის შემდეგ, “რეალის” კიპერმა “კრუს ასულის” ნახევარმცველს, ხერარდო ტორადოს არ გაატანინა. შედეგად, იკერ კასილიასი გახდა ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც თერთმეტმეტრიანი როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო მუნდიალზე მოიგერია.

მე-2 ტაიმში კრიშტიანუ რონალდუც გააქტიურდა, რასაც 2 საგოლე გადაცემის უკვე მარცხენა ფლანგიდან გაკეთება მოჰყვა. 50-ე წუთზე, პორტუგალიელის ჩაწოდებას თავური ბეილმა მოაყოლა, ხოლო 72-ე წუთზე, ისკომ რონალდუს გადაცემა მიიღო, 2 მეტოქე ელეგანტური მოძრაობით მოატყუა და ძალზე ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ისტორიაში 4-ზე მეტი ბურთის სხვაობით არცერთ გუნდს არ ჰქონდა მოგებული და ეს ტრადიცია ვერც “რეალმა” შეწყვიტა. სამაგიეროდ, უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია იკერ კასილიასმა, რომელმაც საკლუბო მუნდიალზე მეოთხე თამაში ჩაატარა და კარი მშრალად პირველად შეინახა.

“კრუს ასულის” განადგურების შემდეგ, “რეალს”, 2014 წელს, 176 გოლი დაუგროვდა, რაც ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდია. აქამდე, რეკორდი “ბარსელონას” ეკუთვნოდა, რომელმაც, 2012 წელს, მეტოქეთა კარი 175-ჯერ აიღო.

“რეალს” თავისი მიღწევის გაუმჯობესების შანსი 20 დეკემბერს, საკლუბო მუნდიალის ფინალში შეეძლება. გადამწყვეტ მატჩში მადრიდელთა მეტოქის ვინაობა 17 დეკემბერს, ავსტრალიურ “ოკლენდსა” და არგენტინულ “სან ლორენცოს” დაპირისპირებაში გაირკვევა.

კრუს ასული-რეალი 0:4 (0:2)

მარაკეში, “სტად მარაკეში” 34862

კრუს ასული (4-3-3): კორონა, ფლორეს ზუნიგა, როდრიგესი, დომინგესი, პინტო, ტორადო, ხიმენესი, ბერნარდელო, პავონე, როხასი, ფორმიკა.

მწვრთნელი: ლუის ტენია.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, ილიარამენდი, კროოსი, ბეილი, ისკო, რონალდუ, ბენზემა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 რამოსი (15), 0:2 ბენზემა (36), 0:3 ბეილი (50), 0:4 ისკო (72).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ტორადო 40.

გაფრთხილება: რამოსი 39.

მსაჯი: ენრიკე ოსესი (ჩილე).

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 14 (8)-18 (12), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 8-8, ჯარიმა: 13-8.

0.159881