კალათბურთი

12:40 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “ფინიქსს” 13 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ნბა-ს რეგულარული პირველობის გასვლით მატჩში “ფინიქს სანსს” მძიმე ბრძოლაში 96:94 მოუგო. ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, მაგრამ მილუოკელთა დამრიგებელმა ჯეისონ კიდმა ქართველ ცენტრს საკმაო სათამაშო დრო მისცა. ზაზამ პარკეტზე თითქმის 29 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 13 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და 3-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმაც მიიღო. ფაჩულიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა +9 უწია. აღნიშნული მაჩვენებლით მილუოკელთა რიგებში ზაზას მხოლოდ კრის მიდელტონმა გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ ზაზა მატჩის ბოლო წუთებზე პარკეტზე გახლდათ. ფაჩულიამ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 2-ქულიანი ჩააგდო პლუს ჯარიმით და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე “ფინიქსი” 94:93 იგებდა. მილუოკელთა ფორვარდა კრის მიდელტონმა ბოლო წამზე სამქულიანი ტყორცნა. ბურთმა რკალზე იმოძრავა და საბოლოოდ მაინც ჩაეშვა კალათაში და ზაზა ფაჩულიას გუნდს მიმდინარე სეზონში მე-13 გამარჯვება მოუტანა. ჯეისონ კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო ზონაში, მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

0.119254