საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ქუთაისელთა პრესატაშემ რამაზ ჩხიკვაძემ აცნობა.
46 წლის დარასელია “ტორპედოს” თავკაცად 15 დეკემბერს დანიშნეს, ხოლო ქალაქის ხელმძღვანელობა, რომელიც გუნდს პატრონობს, მას მოგვიანებით წარადგენს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველ წრეში ქუთაისელებს რეზო ძოძუაშვილი წვრთნიდა, რომელსაც დეკემბერში დასრულებული კონტრაქტი არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო აღარ გაუხანგრძლივეს.
დარასელიას თანაშემწე “ტორპედოს” ყოფილი თავდამსხმელი გიორგი მეგრელაძე იქნება. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ტორპედო” მომავალი წლის 3 იანვარს შეიკრიბება და ვარჯიშს ქუთაისში განაახლებს. იანვრის ბოლოს ორკვირიან შეკრებაზე ქუთაისელები სავარაუდოდ თურქეთში გაემგზავრებიან.
დარასელიას “ტორპედოში” 1988-1989 და 1990-1993 წლებში უთამაშია. გასულ სეზონში, ის “ზუგდიდს” წვრთნიდა, რომელიც ჩემპიონატის დასრულების მერე დატოვა. მას საქართველოში გორის “დილას” თავკაცადაც უმუშავია.