ფეხბურთი

12:22 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ ხასიათი “ესკიშეჰირთან” გამოიკეთა

“ქასიმფაშას” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ “ბურსასფორთან” 1:5 წაგების შემდეგ, ხასიათი თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში “ესკიშეჰირთან” საშინაო მატჩში გამოიკეთა.

მასპინძლებმა შეხვედრა პორტუგალიელი ნახევარმცველის ანდრე კასტროს მიერ 30-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. “ქასიმფაშას” 19 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-7 ადგილზეა.

ისრაელის ლეუმით ლიგის (პირველი ლიგა) მე-15 ტურში, ტიბერიას “ირონი” თავის კედლებში რიშონ ლეციონის “ჰაპოელთან” 1:2 დამარცხდა. შემტევმა ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ მასპინძლებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ირონი” 15 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.

პოლონეთის პირველი ლიგის მე-19 ტურში, “სანდეჩამ” გდინიას “არკა” მიიღო და 3:1 სძლია. თავდამსხმელი ირაკლი ღერკენაშვილი მასპინძელთა რიგებში 84-ე წუთიდან გამოჩნდა. “სანდეჩას” 23 ქულა აქვს და 18 გუნდში მეათეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, “ბასტიამ” თავის მოედანზე “რენს” 2:0 აჯობა და გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში ახალგაზრდა ქართველი მცველი ლუკა კიკაბიძე არც ამჯერად იმყოფებოდა. “ბასტია” 17 ქულით 20 გუნდში მეთვრამეტეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში, “ჟილ ვისენტემ”, რომელშიც ავთო ებრალიძე გამოდის, სახლში “აკადემიკას” ვერ მოუგო – 1:1. ქართველი შემტევი ნახევარმცველი ტრავმირებულია და შესაბამისად სამატჩო განაცხადში არ იყო. “ჟილ ვისენტე” 6 ქულით 18 გუნდში ბოლო ადგილზეა.

0.114306