ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დასრულდა მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშების ფარგლებში მიმდინარე ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.
ქალთა შორის 5.5 ქულით პირველობა რუსეთის ჩემპიონმა ვალენტინა გუნინამ მოიპოვა, გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ჩინელი ჰოუ იფანი.
4.5 ქულით III-IV ადგილები გაიყვეს ნანა ძაგნიძემ და ანა უშენინამ, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, ბრინჯაო უკრაინელს ერგო. რაც შეეხება ბელა ხოტენაშვილს, მან 2.5 ქულით მე-13 შედეგი აჩვენა.
ვაჟთა შორის ასევე რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ გრიშჩუკმა იმარჯვა 7-დან 5 ქულით. 4-5-4.5 ქულით II-Vადგილები გაინაწილეს: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი), ჰაო ვანგმა (ჩინეთი), ლევონ არონიანმა (სომხეთი) და შაჰრიარ მამედიაროვმა (აზერბაიჯანი).
დამატებითი მაჩვენებლებით, ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, ვაშიე-ლაგრავს და ვანგს ერგოთ.
ინტელექტუალურ თამაშებზე საჭადრაკო ბატალიები ამით არ დასრულებულა. 13-15 დეკემბერს მონაწილეები ერთმანეთს ბლიცებში (ჩატარდება 15 გაორმაგებული ტური) გაეჯიბრებიან, ხოლო 16-17 დეკემბერს შვეიცარული სისტემით 5 ტურად გამართული შეჯიბრი Basque System-ში (ორივე ფერით ერთდროულად თამაში) შედგება.