ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი 26 დეკემბერს ეყოლება. დღემდე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი რომან რურუა გახლდათ, 12 დეკემბრიდან კი ფედერაციის თავკაცობისთვის პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილიც იბრძოლებს. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენება გელაშვილმა “პირველ არხთან” საუბარში ოფიციალურად დაადასტურა. გელაშვილის თქმით, მას ჭიდაობის სამყაროს წარმომადგენლებთან კარგი დამოკიდებულება აქვს, ამასთან თავისი კანდიდატურის წამოყენების საჭიროებას ხედავს.
“რომან რურუას დიდი პატივს ვცემ, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა იმ ასაკის არაა, რომ ჭიდაობის ფედერაციას ეფექტურად უხელმძღვანელოს. კენჭს 2005 წელსაც ვიყრიდი და ახლა ბედს მეორედაც ვცდი”, - განუცხადა “პირველ არხს” გელაშვილმა.
ოლიმპიური ჩემპიონის, ფედერაციის პირველი საპრეზიდენტო კანდიდატის რომან რურუას აზრით კი რამდენიმეწლიანი დაძაბული და სწორად მიმართული მუშაობაა აუცილებელი, რათა საქართველოში საჭიდაო სახეობები აღორძინდეს და საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი შედეგები მივიღოთ. ეს განცხადება ბატონმა რომანმა ასევე “პირველ არხთან” საუბრისას გააკეთა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენების ბოლო ვადა 20 დეკემბერია.