კალათბურთი

19:47 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი წესდება აქვს

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის, სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფიბა-ს ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა ახალი წესდება, რომელშიც სრულად ასახულია ფიბა-ს მოთხოვნები და იგი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერმი კოსტა ილიევი დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან, გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე სწორედ ახალი წესდების შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან ყიფიანის თქმით, ეს წესდება ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის დონის ამაღლებას და განვითარებას. ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერმა კოსტა ილიევმა კი დასძინა, რომ მოხარულია საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით და ყველაფერს გააკეთებს საქართველოში კალათბურთის დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად. შეხვედრას ასევე დაესწრო თორნიკე შენგელიას კლუბის, ესპანური “კახა ლაბორალის” გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მომავალში საქართველოსგან თავის კლუბში ისეთივე ტალანტებს ელის, როგორიც თორნიკეა.

“დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს გვერდით ყოფნა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ერთად მთელი წელიწადი ვიმუშავეთ და მზად ვართ ამ ორგანიზაციას ჩვენი გამოცდილებით მაქსიმალურად დავეხმაროთ. ვფიქრობთ, რომ საქართველოში კალათბურთი დაუბრუნდება ძველ დიდებას. ისევ გამოჩნდებიან დიდი მწვრთნელები და გეყოლებათ დიდი გუნდები, როგორც ეს ადრე იყო. სწორედ ესაა შემუშავებული წესდების მიზანი. საქართველომ უნდა გაზარდოს ბევრი ახალი ტალანტი, ისეთები, როგორიც თორნიკე შენგელიაა”, - განაცხადა ესპანელმა სტუმარმა.

კოსტა ილიევი (ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერი): ჩვენი მთავარი მიზანი იყო, დავხმარებოდით საქართველოს ფედერაციას, შეემუშავებინა წესდება, რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს დემოკრატიულ მოთხოვნებს. განვიხილეთ წესდების ყველა დეტალი, მათ შორის ყრილობაზე წარმომადგენლობის და დელეგატობის საკითხი და გავუწიეთ ეროვნულ ფედერაციას რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, თავად ეროვნულმა ფედერაციამ თავის იურისტებთან ერთად განიხილა ეს რჩევები, მათ ყველაზე კარგად იციან ქვეყნის კანონმდებლობა და სპეციფიკა. საბოლოოდ, მივიღეთ ძალიან კარგი დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. ჩვენი თანამშრომლობა კი იყო სანიმუშო და სამაგალითო 3 მხარის - სამინისტოს, ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების ეფექტური და შედეგიანი მუშაობისა.

შეხვედრაზე თავისი მოსაზრება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემაც გამოთქვა.

“ახალი წესდება ორშაბათიდან ამუშავდება, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. იგი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და მორგებულია ფიბა-ს წესდებას. ეს დოკუმენტი საქართველოში წლების განმავლობაში იმუშავებს და მინდა ამისათვის ფიბა-ს დიდი მადლობა გადავუხადო”, - თქვა გაბრიჩიძემ.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ფიბა-სთან სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს და კარგი იქნება, თუ ამგვარი ურთიერთობა სხვა ქვეყნებშიც დაინერგება. ბატონი მიხეილის თქმით, კალათბურთის ფედერაციას მომავალი წლიდან ახალი ინვესტიციები ექნება და ეს ფინანსები მაქსიმალურად სასარგებლოდ მოხმარდება ქართულ კალათბურთს და ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გაისად ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

0.16688