საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2547) სათავეში ჩაუდგა ინტელქტუალურ თამაშების ეგიდით მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის რაპიდის ტურს, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინი მასპინძლობს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, პრესტიჟული შეჯიბრის საჭადრაკო ტურნირში 16 ქალი და 16 ვაჟი მონაწილეობს, საქართველოს სახელით კი ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი (2407) ირჯებიან.
რაპიდის საწყის დღეს 4 ტურის პარტიები შედგა და ძაგნიძემ ჩინებული შედეგი აჩვენა. ნანა თეთრი ფიგურებით ინდოელ ჰამპი კონერუს (2611) დაუზავდა და რუს ტატიანა კოსინცევას (2505) სძლია, შავებით კი ორივე პარტია მოიგო: უკრაინელ ანა მუზიჩუკთან (2546) და რუს ვალენტინა გუნინასთან (2552).
შედეგად, ძაგნიძემ 3.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ იიფან ჰოუს (ჩინეთი, 2600) 0.5 ქულით უსწრებს. 1.5 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება ხოტენაშვილი, რომელმაც ტურნირი მუზიჩუკთან ყაიმით გახსნა, შემდეგ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2577) სძლია, ბოლო 2 პარტია კი მარცხით დაასრულა: გუნინასთან და ელიზაბეტ პაეტთან (გერმანია, 2485).
ხვალ, რაპიდში დარჩენილი 3 ტურის პარტიები ჩატარდება და გამარჯვებულთა დაჯილდოებაც შედგება. უკვე ცნობილია, რომ მე-5 ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ჰოუს ეთამაშება, ხოლო ხოტენაშვილი შავებით ასევე ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2555) დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალურ თამაშებზე საჭადრაკო ბატალიები ამით არ დასრულდება. 13-15 დეკემბერს მონაწილეები ერთმანეთს ბლიცებში (ჩატარდება 15 გაორმაგებული ტური) გაეჯიბრებიან, ხოლო 16-17 დეკემბერს შვეიცარული სისტემით 5 ტურად გამართული შეჯიბრი Basque System-ში (ორივე ფერით ერთდროულად თამაში) შედგება.