ქართული საფეხბურთო წლის ბოლო მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართა. საქართველოს სუპერთასს თბილისის “დინამო” და საჩხერის “ჩიხურა” ერთმანეთს ზედიზედ მეორედ შეეცილნენ. შარშან, 22 დეკემბერს “ჩიხურამ” “დინამო” 1:0 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში ტიტული პირველად მოიპოვა. ამჯერად, “დინამომ” რევანში აიღო და 6 წლის შემდეგ სუპერთასს კვლავ დაეუფლა.
მატჩამდე გუნდებმა და სტადიონზე მოსულმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორს, ღირსების ორდენის კავალერს გია ქურდიანს, რომლის დაპროექტებულიცაა ბორის პაიჭაძის სახელობის არენა.
წმინდა სპორტული დატვირთვის გარდა, თამაში გამოსარჩევი იმითაც იყო, რომ “დინამოს” ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკო პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მინდორზე უკანასკნელად გავიდა. მან კარიერა მაჟორულ ნოტზე დაასრულა და საქართველოში მოგებულ ტიტულებს სუპერთასიც მიამატა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ალექსანდრე კრიჭაშვილმაც კარიერაში ბოლოჯერ იმსაჯა.
შეხვედრის დებიუტში ანგარიშის გახსნა გიორგი პაპუნაშვილს შეეძლო, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, მაგრამ გიორგი ჯანელიძის კარგი პასი ვერ შეირგო და მიზანს ოდნავ ააცილა. ამ ეპიზოდიდან 15 წუთში, მაქსიმე ქვილითაია ბურთის მოგერიებისას უხეშად შეცდა და კინაღამ საბა ლობჟანიძეს გაატანინა.
“დინამოს” ტერიტორიული უპირატესობა ხელიდან არც ამის შემდეგ გაუშვია და მარჯვენა ფლანგზე შეტევაში ჩართული ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის კარის შორეულ ძელთან მყოფმა ჩისკომ თავით ვერ გაიტანა. პირველი ტაიმი ისე გაილია, რომ “ჩიხურა” მეტოქის კარს არ დამუქრებია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთი გასულიყო, რომ შეცვლაზე შესული თორნიკე მუმლაძე თბილისელთა საჯარიმოში შეიჭრა და ნიკა ჭანტურიამ წააქცია. კრიჭაშვილმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც თემურ ღონღაძემ უხეიროდ შეასრულა და ბურთი კარს გადააცილა.
მეორე ტაიმის შუაწელში პაპუნაშვილი “ჩიხურას” საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა, ერთ მეტოქეს გასცდა და მის მიერ დარტყმული ბურთი ქვილითაიამ ხელებში შეიმაგრა.
ცოტა ხანში, მათე ცინცაძემ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მალე, პაპუნაშვილის გარღვევისა და დარტყმის მერე, ქვილითაიამ ბურთი ვერ შეიმაგრა და შემდეგ, დამატებაზე მყოფი ლობჟანიძის დარტყმულის მოგერიება მოუწია.
ძირითადი დროის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, რომ “დინამოს” საჯარიმოში მუმლაძე მარცხნიდან შეიჭრა და ბურთი შორეულ კუთხეში “მოჭრა” – თბილისელები გოლის გაშვებისგან ხარიხამ “გადაარჩინა”.
“დინამომ” ლაშა შერგელაშვილის მიერ სახიფათოდ შესრულებული “ჯარიმით” უპასუხა და “ცოცხალ კედელში” მდგომი საჩხერელი ფეხბურთელიდან ბურთი “ჩიხურას” კარს არცთუ დიდი მანძილით ასცდა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში ცინცაძემ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან ჩააწოდა, შოთა კაშიამ ბურთი ცუდად მოიგერია და ჩისკომ თავით კარიდან წინ გამოსულ ქვილითაიას გაუტანა – 1:0.
დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (0:0)
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, ცინცაძე, ჯანელიძე (ჩირგაძე, 63), პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, საბა ლობჟანიძე (შერგელაშვილი, 79), ჩისკო (კ) (პაპავა, 90+2), გველესიანი, ნიკა ჭანტურია.
მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი.
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია (მუმლაძე, 46), კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, შოთა კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
გოლი: 1:0 ჩისკო (90+1)
58-ე წუთზე ღონღაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილება: თოთაძე (49), ჭანტურია (57)
მთავარი მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი