ჭიდაობა

16:34 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უპრეცედენტო ფალავნობა – უცხოელებით და "პორშე კაიანით”

შაბათს თბილისის ცირკი ქართულ ჭიდაობაში სეზონის შემაჯამებელ ტრადიციულ ტურნირს – ფალავნობას უმასპინძლებს. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენები ჩაერთვებიან და მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. ოთხივე წონის ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენის შემდეგ კი გამორჩეული მოჭიდავეები მთავარი ჯილდოსთვის - 2014 წლის აბსოლუტური ფალავნის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან.

მომავალ შეჯიბრებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. დამსწრეთ ფალავნობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემ მიაწოდეს.

"ფალავნობა 2014 შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი კამპანიის ფარგლებში იმართება. სიამოვნებით ვუერთდებით ამ აქციას. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. სპონსორები - „მეღვინეობა ხარება" და „აქვა გეო". რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, მომავალი შეჯიბრება უპრეცედენტო იქნება იმ მხრივ, რომ წამყვან ქართველ სპორტსმენებთან ერთად ფალავნობაში უცხოელებიც ჩაერთვებიან. თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ბელარუსიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან 20-მდე მონაწილეს ველოდებით, რაც ჩვენს ტრადიციულ ტურნირს კიდევ უფრო გაალამაზებს” – განაცხადა გელა ბერუაშვილმა.

თამაზ თევზაძემ და ირაკლი დოლაბერიძემ სიამაყით აღნიშნეს, რომ წლეულს ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ფედერაციის ხელმძღვანელობას კი კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული ტურნირი უსურვეს.

პრესკონფერენციის პარალელურად, სამინისტროს ავტოსადგომზე საქართველოს 2014 წლის ფალავნისთვის დაწესებული მთავარი პრიზი - "პორშე კაიანი” დააყენეს.

ფინალისტი 5 ათასი ლარით დასაჩუქრდება, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 2 ათასით. წონითი კატეგორიების ჩემპიონ-პრიზიორებს კი 3 ათასი, 2 ათასი და ათასი ლარი გადაეცემათ.

ფალავნობა 13 დეკემბერს დილის 9 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკის დაწყების დრო კი 17 საათია. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერით გადასცემს.

ფალავნობა 2014

თბილისის ცირკი, 13 დეკემბერი

09:00 - სტარტი

16:00 - გახსნის ცერემონიალი

17:00 - ფინალური ორთაბრძოლები

გამარჯვებულთა დაჯილდოებები გაიმართება ფინალური ეტაპის მიმდინარეობისას

18:30 - ფალავნის დაჯილდოება

(დრო შესაძლებელია შეიცვალოს ჭიდაობის მიმდინარეობიდან გამომდინარე)

0.128465