სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე 10 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სპორტული ფედერაციების, ასოციაციების ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო შეკითხვა სპორტული საზოგადოების მიმართ - სჭირდება თუ არა ქართულ სპორტს არასამთავრობო ქოლგა-ორგანიზაცია? მინისტრის მოადგილემ საკუთარი ხედვა წარმოადგინა, რომელზეც თავად წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც ძველი ხელისუფლების, ისევე მოქმედი მმართველი გუნდის შემადგენლობაში, თუმცა რიგი მიზეზების გამო აღნიშნული გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.
მისი განცხადებით, სპორტის ოლიმპიური და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულმა არაოლიმპიური სახეობების ფედერაციებმა, ასევე სხვა სპორტულმა ასოციაციებმა და ორგანიზაციებმა საკუთარი ავტონომიურობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად უნდა შექმნან „საქართველო ეროვნული ოლიმპიური და სპორტის კომიტეტი" - სეოსკი, რომელიც იქნება სპორტის მმართველობის და პოლიტიკის გამტარებელი სრუქტურა ქვეყანაში.
თევზაძემ დამსწრეთ საკუთარი მოსაზრებების პრეზენტაცია გააცნო, ასევე ესაუბრა მის მიერ მომზადებული სპორტის კონცეფციისა და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ დღევანდელ რეალობაში, ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე სპორტის კუთხით.
მინისტრის მოადგილის რეკომენდაციის თანახმად, ევროპული სპორტის მოდელის და ზოგადად სპორტის ევროპული მოდელის გათვალისწინებით, სპორტის მმართველობის პოლიტიკამ ინდივიდუალური მიდგომებიდან სისტემურ მიდგომაზე უნდა გადაინაცვლოს.
სწორედ ამ კუთხით, თევზაძის განცხადებით დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სპორტზე პასუხისმგებელმა ყველა „ქოლგა" ინსტიტუტებმა, ისინი ვინც განსაზღვრავენ სპორტის პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს, შეიმუშაონ უფრო აქტიური და კომპლექსური მიდგომა სპორტის საიმედო სამართლებრივი სტატუსის უზრუნველსაყოფად, ასევე ხელი უნდა შეეწყოს არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს განახორციელონ, გააძლიერონ და მხარი დაუჭირონ იმ ინიციატივებს, რაც სპორტის სწორი მართვის პრინციპებს ემყარება.
თამაზ თევზაძემ შეხვედრაზე დამსწრე სპორტულ საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია სეოსკის („საქართველო ეროვნული ოლიმპიური და სპორტის კომიტეტი") სტრუქტურის შესახებ და გასცა რეკომენდაციები და დასაბუთებული არგუმენტები ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ.
ფედერაციების მიერ აღნიშნული წინადადებების განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება, მათ გადაეცემათ ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, იმისათვის რომ დაიწყოს აქტიური მსჯელობა მინისტრის მოადგილის ამ ხედვების და რეკომენდაციების შესახებ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური