ფეხბურთი

21:58 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელები დარდაის ენდობიან

უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე პალ დარდაი უხელმძღვანელებს. 38 წლის სპეციალისტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებდა, ახლა კი როგორც უეფას ოფიციალური ვეგვერდი იტყობინება, მას სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმეს შესარჩევის ბოლომდე.

დარდაიმ უნგრეთის ნაკრებში ატილო პინტერი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო-2016-ის შესარჩევის სასტარტო მატჩი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგო (1:2). ახალი მწვრთნელის მეთაურობით კი უნგრელებმა ორი მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და F ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფებიან. ნოემბერში დარდაის შეგირდები რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 დამარცხდნენ.

დარდაი, რომელსაც უნგრეთის ეროვნულ გუნდში 61 მატჩი ჩაუტარებია, ნაკრების მწვრთნელობის პარალელურად სამსახურს შეინარჩუნებს “ჰერტას” ახალგაზრდულ აკადემიაშიც. სწორედ ბერლინულ კლუბში გაატარა მან კარიერის უმეტესი ნაწილი.

“გასულ ორ თვეში პალმა თავი ისე წარმოაჩინა, როგორც ველოდით – ნამდვილ პროფესიონალად. ეროვნულ გუნდში მან ერთიანობა და პროფესიონალიზმი მოიტანა”, - ციტირებს უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შანდორ ჩანის სიტყვებს უეფას ვებგვერდი.

0.113521