სოლ კემპბელი ამსტერდამის “აიაქსს” ეწვია. ის ყოფილ თანაგუნდელ დენის ბერგკამპს შეხვდა. ვეტერან ფეხბურთელები წლების წინ ერთი გუნდის, ლონდონის “არსენალის” წევრები იყვნენ.
დენის ბერგკამპი “აიაქსში” სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპს გადის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ კემპბელი ჰოლანდიური გუნდის სავარჯიშო პროცესს დაესწრო. ოთხშაბათს “აიაქსი” კვიპროსულ “აპოელს” უნდა ეთამაშოს.
კემპბელის ჰოლანდიურ კლუბში ვიზიტი სამწვრთნელო კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე სხვა ძლიერ კლუბებშიც გეგმავს ცოდნის ამაღლების მიზნით ჩასვლას.
“იმედი მაქვს ოვერმარსისა და ედვინ ვან დერ საარის ნახვასაც მოვასწრებ. საინტერესოა, როცა კლუბი ყოფილ ფეხბურთელებს გუნდში აბრუნებს საკვანძო ფუნქციების შესასრულებლად. მაინტერესებს “აიაქსის” ფილოსოფია და სავარჯიშო პროცესის მეთოდები”, – აღნიშნა კემპბელმა “აიაქსის” ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
“ინდივიდუალურად მაღალი დონის მწვრთნელები მუშაობენ “აიაქსში.” ვფიქრობ, ახალგაზრდა მწვრთნელები კლუბის მომავალია. ვესაუბრე დენის, მარკსა და ედვინს. ვცდილობდი მათგან ცოდნის შეძენას”, – აღნიშნა კემპბელმა.
“ამსტერდამში პრო ლიცენზიის კურსების ეგიდით ვიმყოფები, მადლობა “აიაქსს” სტუმართმოყვარეობისთვის”, - კემპბელმა სოციალურ ქსელშიც გააკეთა კომენტარი.