მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთს” ცუდი სტარტი ჰქონდა და გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, მაგრამ ფოთელებმა პირველი წრის მიწურულს თამაშის ხარისხიც გამოასწორეს და შედეგიც, რაც რა თქმა უნდა ფეხბურთელებთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელის ზაზა ინაშვილის დამსახურებაა. გუნდმა ბოლო ორი თამაშში, უმნიშვნელოვანესი 6 ქულა აიღო. “კოლხეთმა” ჯერ “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა ლანჩხუთში, ბოლო ტურში კი სტუმრად დათა სიჭინავას ულამაზესი გოლებით, ცხინვალის “სპარტაკს” აჯობა.
ისევე როგორც ქართული კლუბების უმეტესობას, “კოლხეთსაც” არ აკლია პრობლემები, გუნდი არც ფინანსურადაა წელში გამართული და დიდი ხანია საკუთარ სტადიონზეც ვერ თამაშობს. არადა, საპორტო ქალაქს არ უნდა უჭირდეს ერთი გუნდის შენახვა, მაგრამ ჯერჯერობით დამაიმედებელი ინფორმაცია არ ჩანს. თუ რა ხდება მეგრულ კლუბში და როდის ითამაშებენ კოლხები საკუთარ არენაზე, ამ თემებზე “მსოფლიო სპორტი” “კოლხეთის” მთავარ მწვრთნელს ზაზა ინაშვილს ესაუბრა.
- პირველი წრე დასრულდა და როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს?
- გუნდს აშკარად მეტი პოტენციალი გააჩნია, უბრალოდ სტადიონის ფაქტორიც ხელს გვიშლის, დარწმუნებული ვარ ფოთს საკუთარ მოედანზე რომ ჩაეტარებინა საშინაო შეხვედრები, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა და გუნდი ლიდერთა შორის იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, “კოლხეთმა” საკმაოდ დადებითი თამაშები აჩვენა, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ მთლიანობაში გუნდის თამაში დამაკმაყოფილებელია. ასევე გვქონდა ფინანსური პრობლემები, გუნდს სამი-ოთხი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღია, შემდეგ ქალაქმა გამოყო რაღაც თანხა, ფეხბურთის ფედერაციამაც და ამან მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, რომ ბოლო ტურებში გუნდმა აშკარად გამოასწორა თამაში, საჭირო ქულები აიღო და რეალურად დაიტოვა იმის შანსი, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.
- მეორე წრიდან შეძლებისდაგვარად ყველა გუნდი აპირებს ფეხბურთელების დამატებას, თქვენ თუ გეგმავთ შემადგენლობის გაძლიერებას..
_ ყველაფერი გამომდინარეობს დაფინანსებიდან. გვაქვს ინფორმაცია, რომ 300 ათასი ლარის გამოყოფას აპირებენ ქალაქის ბიუჯეტიდან, რაც არანაირად არ ეყოფა გუნდს უმაღლეს ლიგაში. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვა გუნდის ხელმძღვანელებთან ამ თემაზე და ლანჩხუთი და ზუგდიდი სამჯერ მეტი თანხის გამოყოფას აპირებენ თავიანთი კლუბებისთვის. გამორიცხულია გუნდმა ამ თანხით იარსებოს, იმიტომ, რომ ეს მარტო ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელების და მწვრთნელების თანხა არაა, ეს არის იმ 68 კაცისთვის საჭირო თანხა, რომელიც შედის კლუბის შემადგენლობაში. მხოლოდ ხელფასებზე რომ ვიანგარიშოთ, ხელფასებში არ ეყოფა წლის ბოლომდე კი არა, ალბათ, ხუთი თვე. ამას დავამატოთ დუბლები, ჭაბუკთა ლიგა..
- სპონსორის გამოჩენის შანსი არის?
- ფოთის პორტი გვეხმარება და A. P. M. ტერმინალი, შეკრებაზე და ეკიპირებაზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. პირველი სეზონი დამთავრდა და ვაპირებთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, თუ არ დაგვიდგნენ გვერდში, “კოლხეთს” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ ფეხბურთელთა 80 პროცენტს კონტრაქტი დაუმთავრდა და თუ ფინანსურად არ დაგვეხმარებიან, ფეხბურთელთა დიდი ნაწილი წავა.
- სტადიონთან დაკავშირებით რა ხდება?
_ სტადიონის მშენებლობა იწყება, არის ასეთი ფირმა “ხიდი”, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში. როგორც ამბობენ, 15 დეკემბრამდე დაიწყებენ სამუშაოებს და მაისის ბოლოს დასავლეთ ტრიბუნა თავისი ვიპ ლოჟებით მზად იქნება და იმედია, “კოლხეთი” შესძლებს საკუთარ მოედანზე თამაშს.