მსოფლიო და იტალიური ფეხბურთის მეტრ “მილანში” არაერთ ვარსკვლავს უასპარეზია, რომელთაც თავისი სახელი “როსონერის” მდიდარ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაუწერიათ. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც “შავ-წითლებში” დიდი იმედებით მისული მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ პერსპექტიული ფეხბურთელები ლომბარდიიდან უსახელოდ და უკვალოდ აბარგებულან. დღეს, სწორედ ასეთი კატეგორიის მოთამაშეებზე ვისაუბრებთ.
ჩამონათვალში არ შედიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ “მილანის” შემადგენლობაში არიან, ანაც საკუთრებაში იმყოფებიან.
კრისტოფ დიუგარი (საფრანგეთი) – 1996 წლის ზაფხულში “მილანმა” “ბორდოს” თავდამსხმელი კრისტოფ დიუგარი იყიდა. მაშინ სილვიო ბერლუსკონიმ დიუგარი თანამემამულე ზინედინ ზიდანის შესყიდვას ამჯობინა. კრისტოფმა მოლოდინი ვერ გაამართლა. უეფას თასზე მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეძლო დუბლის შესრულება, სერია A-ში კი თავი არ გამოუჩენია. ასე უსახელოდ დატოვა იტალიური გრანდი მომავალმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა.
მიხაელ რაიციგერი (ჰოლანდია) – ჰოლანდიელმა “მილანში” მხოლოდ ერთი, 1996-1997 წლების სეზონი გაატარა, რომლის განმავლობაშიც სულ რაღაც 10 თამაში ჩაატარა. რაიციგერი “როსონერიში” მაურო ტასოტის შემცვლელად მიიყვანეს, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა. 1997 წლის ზაფხულში კი “ბარსელონას” მიაშურა.
ედგარ დავიდსი (ჰოლანდია) – “მილანს” ვერც ლეგენდარული ედგარ დავიდის მოერგო. 1995-1997 წლებში დავიდსი ამაოდ ცდილობდა ბერლუსკონის გუნდში ფეხის მოკიდებას. საბოლოოდ, 1997 წელს “პიტბული” ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა.
იესპერ ბლომკვისტი (შვედეთი) – შვედი იესპერ ბლომკვისტი “გიოტებორგიდან” დიდი იმედებით ჩაიყვანეს აპენინზე. ბლომკვისტს ფაქტობრივად მილანელთა რიგებში არც უთამაშია. საბოლოოდ იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდეს.
კრისტიან ციგე (გერმანია) – გერმანელი კრისტიან ციგე მიუნხენის “ბაიერნიდან” 1996 წლის ზაფხულში აღმოჩნდა “მილანში.” ფეხბურთელის მილანური მოღვაწეობა წარუმატებელი გამოდგა.
პატრიკ კლუივერტი (ჰოლანდია) – კიდევ ერთი ჰოლანდიელი, რომელიც “მილანში” აჩრდილს უფრო ჰგავდა, ვიდრე საკუთარ თავს, პატრიკ კლუივერტია. კლუივერტი 1997 წელს “აიაქსიდან” უფასოდ დაიმატეს. იმ პერიოდში კლუივერტი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდი გახლდათ და მილანის ტიფოზებიც მას მარკო ვან ბასტენთან აიგივებდნენ, თუმცა მისი მილანური კარიერა შოკისმომგვრელად ცუდი გამოდგა. პატრიკმა უფრო მეტი საგოლე მომენტი გააცუდა, ვიდრე გოლი გაიტანა. ერთი წლის შემდეგ, იგი “ბარსელონაში” გაიყიდა.
უინსტონ ბოგარდი (ჰოლანდია) – კლუივერტის ისტორიას ძალზე წააგავს მისი თანამემამულის უინსტონ ბოგარდის მილანური თავგადასავალი. 1997 წელს “აიაქსიდან” ნაყიდმა ბოგარდმა ერთი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ მოირგო შავ-წითელი მაისური. 1998 წელს კი კლუივერტთან ერთად “ბარსელონაში” გადაბარგდა.
ანდრეას ანდერსონი (შვედეთი) – შვედი ანდრეას ანდერსონი ჟორჟ ვეასა და პატრიკ კლუივერტის შემცვლელად შეიძინეს, მაგრამ მისი ტრანსფერი ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერად მიიჩნევა. 13 შეხვედრაში გატანილი 1 გოლის შემდეგ, მან “ნიუკასლ იუნაიტედს” მიაშურა.
ხოსე მარი (ესპანეთი) – მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი ხოსე მარი “მილანში” სამი წლის განმავლობაში ვერაფრის დიდებით გაიხსნა. ამ სამი სეზონის განმავლობაში ესპანელმა თავდამსხმელმა ბევრჯერ შეიცვალა სათამაშო პოზიცია, თუმცა 5 გოლზე მეტი მაინც ვერ გაიტანა.
ჟულიო სეზარი (ბრაზილია) – ბრაზილიელი ჟულიო სეზარი “მილანში 2000 წლის ოქტომბერში იჯარით აღმოჩნდა. თუმცა გუნდში მხოლოდ 2 თვეზე ოდნავ მეტი დაჰყო და უსახელოდ დატოვა “მილანელო.”
ჯანი კომანდინი (იტალია) – 2000 წელს “ვიჩენცაში” ჩატარებული დიდებული სეზონის შემდეგ, ჯანი კომანდინი “მილანში” დიდი იმედებით მიიღეს. დასაწყისი კარგი იყო (გოლი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფაკაციო ეტაპზე და დუბლი “მადონინაში), თუმცა კომანდინიმ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. 2001 წელს იგი “ატალანტაში” გაყიდეს, მის ადგილას კი მილანურ კლუბში ლეგენდარული ფილიპო ინძაგი მივიდა.
როკე ჟუნიორი (ბრაზილია) – როკე ჟუნიორი “მილანის” დაცვის ლიდერად უნდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა ეს იდეა, მხოლოდ იდეად დარჩა.
ფერნანდო რედონდო (არგენტინა) – 35 მილიონად ნაყიდმა არგენტინელმა ვარსკვლავმა “მილანში” სათადარიგოს როლი მოირგო. მადრიდის “რეალის” ყოფილმა ჩამშლელმა “როსონერის” რიგებში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.
პაბლო გარსია (ურუგვაი) – ურუგვაელ პაბლო გარსიას “მილანში” დემეტრიო ალბერტინის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა გარსიამ კალჩოს ალღო ვერ აუღო და ჩატარებული 5 შეხვედრის შემდეგ, იჯარით “ვენეციას” მიაშურა.
უმით დავალა (თურქეთი) – 2001 წელს ფათიხ თერიმმა საკუთარ გუნდში თანამემამულე უმით დავალა იხმო, თუმცა მან იმედები ვერ გაუმართლა. 2002 წელს “როსონერიმ” დავალა თანაქალაქელ “ინტერს” ხორვატ დარიო შიმიჩში გაუცვალა.
ხავი მორენო (ესპანეთი) – ხავი მორენოს მეთაურობით ესპანურმა “ალავესმა” 2001 წელს უეფას თასის ფინალს უწია. სწორედ ამიტომ, ადრიანო გალიანიმ მილანში ჩაიყვანა, თუმცა ფეხბურთელმა იტალია ერთი წლის შემდეგ უსახელოდ დატოვა და სამშობლოში “ატლეტიკოს” მაისური მოირგო.
ვიტალი კუტუზოვი (ბელარუსი) – 2001-2002 წლების სეზონში “მილანი” “ბატეს” ხვდებოდა, სწორედ ამ მატჩის შემდეგ, “მილანმა” ვიტალი კუტუზოვი დაიმატა, იმედოვნებდა რა, რომ მიაგნო ახალ შევჩენკოს, თუმცა კუტუზოვმა სახელი მხოლოდ დაბალი დივიზიონების გუნდებში მოგზაურობით გაითქვა.
რივალდო (ბრაზილია) – 2002 წლის ზაფხულში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, იმ ხანად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რივალდო “ბარსელონადან” “მილანში” აღმოჩნდა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა 2002-2003 წლების სეზონი ფილიპო ინძაგის, ანდრეი შევჩენკოს და მანუელ რუი კოშტას ჩრდილ ქვეშ გაატარა.
ვიკაშ დორასო (საფრანგეთი) – ვიკაშ დორასო 2004 წელს უფასოდ დაიმატეს, როგორც პირლოს დუბლიორი. თუმცა ფრანგმა ვერც დუბლიორის როლი შეასრულა კარგად და იტალია უკვალოდ დატოვა.
დიმიტრიოს ელეფტეროპულოსი (საბერძნეთი) – ბერძენი მეკარის დიმიტრიოს ელეფტეროპულოსის ისტორია წარმოუდგენლად განვითარდა. 2005 წლის ზაფხულში “მესინადან” ნაყიდმა მეკარემ გუნდი იმავე ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ, რაც 2 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კრისტიან ვიერი (იტალია) – 2005 წლის ზაფხულში “ინტერის” საუკეთესო ბომბარდირი კრისტიან ვიერი “მილანში” უფასოდ გადავიდა. იმ დროისთვის იტალიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფორვარდმა “როსონერიში” იმედები ვერ გაამართლა. 8 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიტანა და იანვარში ფრანგულ “მონაკოში” გადაბარგდა.
მარსიო ამოროზო (ბრაზილია) – კრისტიან ვიერის შემცვლელად 2006 წლის იანვარში “როსონერიმ” მარსიო ამოროზო დაიმატა. ფეხბურთელი, რომელსაც წარსულში “უდინეზეს” რიგებში მშვენიერი წლები ჰქონდა გატარებული. “მილანში” მისმა კარიერამ მხოლოდ 4 შეხვედრა და 1 გოლი დაიტია.
იოან გურკუფი (საფრანგეთი) – ფრანგული “რენიდან” ახალგაზრდა იაონ გურკუფი იტალიაში დიდი იმედებით მიიღეს. მას ახალ კაკასაც კი უწოდებდნენ, თუმცა მისი მილანური კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა. საბოლოოდ, 2008 წელს გურკუფი სამშობლოში, “ბორდოს” შემადგენლობაში დაბრუნდა.
რიკარდო ოლივეირა (ბრაზილია) – 2006 წელს ანდრეი შევჩენკოს “ჩელსიში” გასხვისების შემდეგ, ადრიანო გალიანიმ ესპანურ “ბეტისს” რიკარდო ოლივეირას სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო და შვეიცარიელი იაჰან ვოგელის სატრანსფერო უფლებები დაუთმო, ხოლო ბრაზილიელს შევჩენკოს 7 ნომრიანი მაისური ჩააცვა. ოლივეირას ტრანსფერი ერთ-ერთ ყველაზე კოშმარულად ითვლება “მილანის” დიად ისტორიაში.
ფილიპ სენდეროსი (შვეიცარია) – 2008 წლის ზაფხულში “არსენალიდან” იჯარით მოყვანილმა ფილიპ სენდეროსმა ერთი წლის განმავლობაში მილანელთა რიგებში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის შეხვედრები ჩაატარა. რაშიც გარკვეული წვლილი მის ხშირ ტრავმიანობასაც მიუძღოდა.
ოგუჩი ონიევუ (აშშ) – ამერიკელმა მცველმა ოგუჩი ონიევუმ “მილანის” რიგებში ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მან გულშემატკივრებს თავი მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ ვარჯიშზე შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეჩხუბა.
დომინიკ ადია (განა) – 2009 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი უმალვე “მილანმა” შეიძინა 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. თუმცა იგი მილანელთა რიგებში არც გამოჩენილა. დღეს, ადია თავის კარიერას ყაზახეთში აგრძელებს.
ამანტინო მანსინი (ბრაზილია) – მანსინიმ “მილანში” მხოლოდ 5 თვე გაატარა, როცა “ინტერიდან” იჯარით აღმოჩნდა “როსონერიში.” შავ-წითელი მაისური მან მხოლოდ 7-ჯერ მოირგო.
სოკრატის პაპასტატოპულოსი (საბერძნეთი) – 2010 წელს პაპასტატოპულოსი “ჯენოადან” მილანურ გრანდში აღმოჩნდა. რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ბერძენმა იტალია დატოვა და გერმანულ ბუნდესლიგას მიაშურა.
ტაიე ტაივო (ნიგერია) – ფრანგული “მარსელის” ლიდერი ტაიე ტაივო “მილანში” 2011 წელს უფასოდ გადაბარგდა. თუმცა ნიგერიელმა კალჩოსთან ადაპტაცია ვერ მოახერხა და ცოტა ხანში აპენინის ნახევარკუნძული დატოვა.
ბაქარი ტრაორე (საფრანგეთი) – ბაქარი ტრაორე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც “მილანში” რატომ ჩაირიცხა, დღემდე ვერავინ გაიგო. ტრაორემ იტალია ისევე უსახელოდ დატოვა, როგორც მივიდა.
ვალტერ ბირსა (სლოვენია) – 2013 წლის ზაფხულში “მილანმა” მოულოდნელად სლოვენიელი ვალტერ ბირსა შეიძინა. ბირსა თავიდან ძირითად შემადგენლობაშიც ხვდებოდა, თუმცა ნელ-ნელა მისი მილანური კარიერა გაფერმკთალდა და 2014 წელს გუნდიც დატოვა.