საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, განვლილ შაბათ-კვირას აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი “ინტერის” მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს შეხვდნენ. ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, მაგრამ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში არ დაადასტურეს.
ფედერაციის პოზიცია ასეთია, რომ ეროვნული გუნდის კანდიდატებს შორის ცხადაძე გამოკვეთილი ფავორიტი არაა და ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხზე მუშაობა გრძელდება. წესით, საქართველოს ნაკრების თავკაცის ვინაობა დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში უნდა გაირკვეს.
თავად ცხადაძეს ბაქოს “ინტერთან” კონტრაქტი აკავშირებს და იგი თანახმაა, რომ საქართველოს ნაკრები გერმანასთან საშინაო (2015 წლის 29 მარტი) და პოლონეთთან (13 ივნისი) მატჩებისთვის მოამზადოს.