ფეხბურთი

12:40 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ “იუვენტუსი” წიწილას შეადარა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდში განცდილი მარცხი გაიხსენა და საკუთარი "იუვენტუსი" "წიწილას" შეადარა.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბიანკონერისა" და "როხიბლანკოს" შორის პირველი დაპირისპირება დიეგო სიმეონეს გუნდმა მცირე სხვაობით (1:0) მოიგო. "იუვენტუსს" პირველ ადგილზე გასასვლელად კი შინ ორბურთიანი სხვაობით მოგება აწყობს.

"ორი ბურთით მოგება ადვილი არ იქნება, რადგან რთული მეტოქე გვყავს. განსხვავებული მატჩი გველოდება, შეიძლება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მოვიგოთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით ვერ გავიდეთ. მთავარია, მერვედფინალის საგზურს ღირსეულად მოვიპოვებთ. დიეგო სიმეონე თავის გუნდში დიდებულ საქმეს ასრულებს. ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი ნამდვილად არაა, როდესაც მეტოქეებად "რეალი" და "ბარსელონა" გყავს. ფინალში თამაში კი დიდებული შედეგია. არგენტინელი იმსახურებს წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდეს.

როგორც მადრიდში, ასევე ათენში მარცხს ვიმსახურებდით. ესპანეთის დედაქალაქში წიწილებივით გამოვიყურებოდით, ხოლო საბერძნეთში ვერ გავიტანეთ. მომდევნო მატჩში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ, ხოლო მეტოქე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებას შეეცდება", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

A ჯგუფში "ატლეტიკო" 12 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "იუვენტუსს" სამი ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე "ოლიმპიაკოსი" 6 ქულით იმყოფება. იტალიელებს მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად ფრეც აძლევთ ხელს. ხოლო თუ "იუვენტუსმა" მატჩი დათმო და ბერძნებმა შინ "მალმიო" დაამარცხეს, "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობება.

0.111573