კალათბურთი

11:55 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ხოშტარია: “ჯგუფის მეტოქეებთან ტოლსწორად თამაში და გამარჯვება შესაძლებელია”

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პარიზში ევროპის 2015 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა და ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეთა ვინაობაც შევიტყვეთ.

კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის, თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს ირაკლი ხოშტარიას დავუკავშირდით და სახელდახელო კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

“პირდაპირ უნდა ითქვას, რთულ ჯგუფში მოვხვდით. სხვაგვარად არც შეიძლება მომხდარიყო - ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდები არ მონაწილეობენ. იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკების ნაკრებები და საბერძნეთი გამართულ კალათბურთს მაღალ დონეზე თამაშობენ. ძლიერი ნაკრები ჰყავს ჰოლანდიასაც. ჩვენ უპირველესად საკუთარ თავზე მუშაობა გვმართებს, სწორი შემადგენლობა და სამუშაო პროცესი უნდა შევარჩიოთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია წამყვან მოთამაშეთა ტრავმების თავიდან აცილება. მიუხედავად მოწინააღმდეგეთა მაღალი დონისა, მათთან ტოლსწორად თამაში და გამარჯვება შესაძლებელია. ვფიქრობ, პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი გვაქვს”.

“დინამოში” საქართველოს ეროვნული გუნდის წევრობის არაერთი კანდიდატია. ბატონ ირაკლის გამთამაშებელ ლაშა გამყრელიძის სანაკრებო პერსპექტივაზეც ვკითხეთ. “ლაშა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრას იმსახურებს. ამას მისი თუნდაც სტატისტიკური მაჩვენებლებიც ადასტურებენ. გამყრელიძე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, დანარჩენი კი ეროვნული გუნდის მწვრთნელთა გადასაწყვეტია”, - განაცხადა დინამოელთა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია იქნებიან. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ზაგრები უმასპინძლებს.

0.118587