ჭიდაობა

22:55 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

45 წამში განიავებული ბრინჯაო

ძნელი გასახსენებელია, ბოლოს რომელ მეტოქესთან ჭიდაობისას დაიჩაგრა დავით მარსაგიშვილი ისე, როგორც დღეს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რუსეთის ნაკრების დაღესტნელ დებიუტანტთან - აბდულრაშიდ სადულაევთან შეხვედრაში. ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ქართველმა სპორტსმენმა ამჯერად შარშანდელთან შედარებით სუსტად იჭიდავა და შედეგიც სახეზეა – პოდიუმს მიღმა დარჩა. შეიძლება ითქვას, სადულაევთან უშანსოდ წაგების ერთ-ერთი მიზეზი ოპტიმალურ ფორმაში არყოფნაც იყო, მაგრამ ვეჭვობთ, ამ უდავოდ ძლიერი მოჭიდავის დამარცხება საუკეთესო ფორმაში მყოფსაც გაუჭირდებოდა.

17 წლის დაღესტნელმა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ჭაბუკთა შორის გამოდიოდა, თავისი ძალა წლეულს ივან იარიგინის მემორიალზეც დაამტკიცა, როდესაც რუსეთის შიდა სანაკრებო კონკურენციაში ყველა უშუალო კონკურენტს მოუგო, მათ შორის, ანზორ ურიშევს და სოსლან ხცოევს.

ქართულ-რუსული დაპირისპირება კი ოთხ წუთში დასრულდა. დავით მარსაგიშვილმა 11 ქულა ისე გაუშვა, თავად ერთიც ვერ აიღო. ამ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების წევრმა ორი ეტაპის გავლა მოასწრო, თან საკმაოდ ადვილად - ავსტრიელ დომინიკ პეტერსს სუფთად მოუგო, ფინელ ვინე ჰეინოს კი 11:0 აჯობა.

მას შემდეგ, რაც სადულაევმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, მარსაგიშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. “ბრინჯაოს ნახევარფინალში” პოლონელი სებასტიან ჟეზიერზანსკი 11:4 დაამარცხა და საღამოს ბლოკში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

რეპეშაჟის გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ იშტვან ვერებს მეექვსე წუთის დაწყებისას 5:0-ს უგებდა, მაგრამ ბოლო 45 წამში უპირატესობა წარმოუდგენელი სისწრაფით გაეფანტა და საფინალო სირენისას ტაბლოზე 5:5 აციმციმდა. ეს ანგარიში ხელს იშტვანს აძლევდა. დავით მარსაგიშვილი კი მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ფინალში ერთმანეთს აბდულრაშიდ სადულაევი და ბელარუსის ნაკრების წევრი მურად გაიდაროვი დაუპირისპირდნენ და სადულაევმა 5:2 მოიგო.

დღესვე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 70 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. ოქროს მედალს აზერბაიჯანელი რუსლან დიბირგაჯიევი დაეუფლა, რომელმაც ფინალში სომეხ გრიგორ გრიგორიანს ერთ წუთში მოუმთავრა საქმე. ამ წონაში საქართველოს სახელით ხალიჩაზე დიმიტრი ბასილაშვილი გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში 1:8 წააგო უკრაინელ სემენ რადულოვთან და ჯერ ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა, ხოლო მალე რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა, რადგან რადულოვმა სწრაფადვე წაიფორხილა.

ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57 კგ) ოქროსა და კონსტანტინე ხაბალაშვილის (65 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ხვალ და ზეგ ევროპირველობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

აქვე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც, რომელშიც ზედ ფინეთში გამგზავრების წინ ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა – ტრავმირებული იაკობ ქაჯაიას ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ევროგანაცხადში გურამ ფერსელიძე შეიყვანა.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები

59 კგ – ლაშა გოგიტაძე

66 კგ – რევაზ ლაშხი

71 კგ – მანუჩარ ცხადაია

75 კგ – ზურაბ დათუნაშვილი

80 კგ – გიორგი ცირეკიძე

85 კგ – რობერტ ქობლიაშვილი

96 კგ – ვასილ იმერლიშვილი

130 კგ – გურამ ფერსელიძე

 

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ვანტაა. ფინეთი

 

1 აპრილი

 

65 კგ

1 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)

2 სერვეტ ჩოსკუნი (თურქეთი)

3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)

3 ბორისლავ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი)

 

97 კგ

1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 ივან იანკოუსკი (ბელარუსი)

3 ნიკოლაე ჩებანი (მოლდოვა)

 

2 აპრილი

 

57 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2 გენადი ტულბეა (მონაკო)

3 ზოჰეირ ელ უარაქი (საფრანგეთი)

3 გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი)

 

61 კგ

1 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

2 ბეხან გოიგერეევი (რუსეთი)

3 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა)

3 ვასილ შუპტარი (უკრაინა)

 

 

3 აპრილი

 

74 კგ

1 ანიურ გედუევი (რუსეთი)

2 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 სონერ დემირტაში (თურქეთი)

3 კრისტიან ბრზოზოვსკი (პოლონეთი)

 

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 ალან ხუგაევი (რუსეთი)

3 ალექსანდრ ხოციანივსკი (უკრაინა)

3 დანიელ ლიგეტი (უნგრეთი)

 

4 აპრილი

 

70 კგ

1 რუსლან დიბირგაჯიევი (აზერბაიჯანი)

2 გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)

3 მიროსლავ კიროვი (ბულგარეთი)

3 იაკუპ გორი (თურქეთი)

 

86 კგ

1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

2 მურად გაიდაროვი (ბელარუსი)

3 მუსა მურთაზალიევი (სომხეთი)

3 იშტვან ვერები (უნგრეთი)

0.134241