ფეხბურთი

2:49 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორია” ისევ არ აგებს - “ვერონა” ვერ იგებს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტური, რომელიც აპენინელთათვის უჩვეულოდ, ოთხ დღეზე იყო გაწერილი, ორი შეხვედრით დასრულდა. თავდაპირველად “კალიარიმ” საკუთარ მოედანზე “კიევო” მიიღო, ხოლო ტურის დასკვნით შეხვედრაში “ვერონამ” სტადიო “ბენტეგოდიზე” გენუის “სამპდორიას” უმასპინძლა.
სარდინიაზე გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებიცა და სტუმრებიც მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობენ და ქულებს ჰაერივით საჭიროებენ. საბოლოოდ აუტსაიდერთა ჭიდილში გამარჯვებული როლანდო მარანის “კიევო” გამოვიდა. “მფრინავმა ვირებმა” მატჩის ბედი პირველ 10 წუთში გადაწყვიტეს. ანგარიში მე-4 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა რიკარდო მეჯორინიმ ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გახსნა. ხუთი წუთის შემდეგ კი მისმა მეწყვილე ალბერტო პალოსკიმ თანაგუნდელების კარგი კომბინაცია ერთი შეხებით დააგვირგვინა. მიუხედავად იმისა, რომ წინ სათამაშო დროის მთელი 80 წუთი იყო დარჩენილი, ანგარიში აღარ შეცვლილა. ზდენეკ ზემანის “კალიარიმ” ზედიზედ მე-6 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა და 11 ქულით გასავრდნ ზონაში დაეშვა. სარდინიელებმა ადგილი სწორედ “კიევოს” გაუცვალეს, რომელმაც ამ გამარჯვებით 13 ქულას მოუყარა თავი.
მე-14 ტურის უკანასკნელ მატჩს ვერონამ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი “სამპდორია” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ანგარიშის გახსნა სტუმრებმა 28-ე წუთზე მოახერხეს. ბრაზილიელმა ედერმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი, რომელიც მისსავე წაქცევისთვის დაინიშნა, ხოლო გამოცდილი მექსიკელი მცველი რაფა მარკესი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დინო ტომაზიმ უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან მიაბრძანა. მასპინძლებმა გათანაბრება ზუსტად 9 წუთის შემდეგ შეძლეს. თავი ვერონელთა ვეტერანმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ გამოიჩინა, რომელმაც წლეულს თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სტუმართა მეკარის, სერხიო რომეროს უხეიროდ მოგერიებულ ბურთზე პირველმა ითამაშა და წონასწორობა აღადგინა. კაცნაკლულმა “ვერონამ” ვერ გაძლო და მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა. 57-ე წუთზე თავი სტეფანო ოკაკამ გამოიჩინა, რომელმაც მანოლო გაბიადინის კარგი გადაცემის შემდეგ თავით გაიტანა. მეორე გოლის ასისტენტმა 62-ე წუთზე თავადაც იხეირა. გაბიადინიმ ედერის გამოზომილი გადაცემის შედეგად ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა ბურთი. საბოლოოდ მიხაილოვიჩის გუნდმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა, სატურნირო ცხრილში “ნაპოლის” გადაასწრო და ახლა, მე-4 ადგილზე იმყოფება. “ვერონამ” კი ზედიზედ მე-8 შეხვედრა ჩაატარა სამი ქულის გარეშე და 14 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის 10 შეხვედრაში 30 გოლი გავიდა. 2 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, 4 სტუმრებმა, 4 მატჩიც კი ფრედ დასრულდა.

“კალიარი” - “კიევო” 0:2 (0:2)
კალიარი, “სანტ ელია”
“კალიარი” (4-3-3): კრანიო; პიზანო (აველარი 46), როსეტინი, ბალცანო, ბენედეტი; კრესეტიჯი (დონსა 46), კონტი, ეკდალი; კოსუ (ლონგო 46), ფარიასი, იბარბო
მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; ბირსა (სკელოტო 69), რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; პალოსკი (მაქსი ლოპესი 89), მეჯორინი (პელისიერი 79)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 0:1 მეჯორინი (4), 0:2 პალოსკი (9)
გაფრთხილებები: ბენედეტი (23), კოსუ (41), კონტი (51), ეკდალი (56), ფარიასი (59), იბარბო (71) - იცკო (19), ძუკანოვიჩი (32), ფრეი (56)
კარისკენ დარტყმები: 10 (1) - 10 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:3 გაფრთხილებები: 6:3
მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ვერონა” - “სამპდორია” 1:3 (1:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
“ვერონა” (3-5-2): რაფაელი; როდრიგესი, მარკესი, მორასი; კამპანარო (ვალოტი 80), გონსალესი, ტაკჩიდისი, ლაზაროსი, აგოსტინი (გომესი 85); ლოპესი (ნენე 74), ტონი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“სამპდორია” (4-3-3): რომერო, დე სილვესტრი (კაჩიატორე 72), სილვესტრე (გასტალდელო 41), რომანიოლი, მესბა; დანკანი (კრისტიჩიჩი 55), პალომბო, რიცო; გაბიადინი, ოკაკა, ედერი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 0:1 ედერი (28, პენ), 1:1 ტონი (37), ოკაკა (57), 1:3 გაბიადინი (62)
გაფრთხილებები: აგოსტინი (47), ვალოტი (87) - სილვესტრე (35), დანკანი (43), დე სილვესტრი (64)
გაძევება: მარკესი (27)
კარისკენ დარტყმები: 15 (6) - 14 (8) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 10:4 გაფრთხილებები: 2:3 გაძევება: 1:0
მსაჯი: დინო ტომაზი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) - 8, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) - 7, ჟერემი მენეზი (“მილანი”) - 7, პაულო დიბალა (“პალერმო”) - 7.

0.152428