საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის “დინამოს” წამყვანი გამთამაშებლის ლაშა გამყრელიძის თქმით ჩვენი ნაკრები ევრობასკეტ2015-ზე ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა და უმჯობესი იქნებოდა, რომ D ჯგუფში ვყოფილიყავით.
“ძლიერი ჯგუფია. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა D ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ხორვატია მასპინძელია და ისედაც ძალიან ძლიერია. აღარაფერს ვიტყვი საბერძნეთისა და სლოვენიის ნაკრებებზე. საერთოდაც, გამოკვეთილი სუსტი გუნდი ამ ჯგუფში არაა და დიდი ბრძოლა გველოდება. კარგად უნდა მოვემზადოთ და რაც მთავარია ტრავმების გარეშე შევხვდეთ ჩემპიონატს”, - აღნიშნა მან.
ლაშას ნაკრებში მის სამომავლო პერსპექტივაზეც ვკითხეთ.
“ჩემი ნაკრებში თამაშის საკითხი მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული. ამბობენ, რომ პირადული არაფერია და კოკოშკოვის გადაწყვეტილებაა ჩემი არგამოძახება. ვნახოთ, ვფიქრობ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ვარ და ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრას ვიმსახურებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია იქნებიან. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ზაგრები უმასპინძლებს.