ცოტა ხნის წინ გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ევროპის 2015 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ “კურიერთან” მცირე კომენტარი გააკეთა და ჯგუფზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
“ყველა თანხმდება, რომ ყველაზე რთული ჯგუფი იქნება, განსაკუთრებით ჩვენთვის. იმიტომ, რომ ბალკანეთში ოთხ იქაურ ქვეყანას ვეთამაშებით. მთავარია, რომ ბიჭები მზად იყვნენ და ჯანმრთელად. თუ გასვლა გვსურს ყველა მეტოქესთან ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ”, - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია იქნებიან. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ზაგრები უმასპინძლებს.