დღეს საშემოდგომო ეტაპი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაშიც დამთავრდა. ორი დარჩენილი მატჩი გაიმართა. “მაჭახელა” შინ “ჭიათურასთან” 0:3 დამარცხდა, ხოლო “საპოვნელამ” “გაგრას” 2:0 მოუგო. ამით მეორე წრე დასრულდა.
შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს პირველი ლიგის გათამაშება განსხვავებული ფორმატით იმართება. ა და ბ ზონებში 10-10 გუნდი თამაშობს. შეჯიბრი ოთხ წრედ ტარდება. პირველ ადგილებზე გასული გუნდები გაისად უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები ერთმანეთს ერთ დამატებით მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე შეხვდებიან. ამათში მოგებული კი უმაღლესში მე-14 ადგილზე გასულს პლეი ოფში დაუპირისპირდება.
ა ზონაში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, ცნობილია. “საბურთალო” იმდენით უსწრებს კონკურენტებს, რომ ძნელი წარმოსადგენია, ვინმე დაეწიოს. მით უმეტეს, საბურთალოელებს ისეთი ინფრასტრუქტურა აქვთ, უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი რომ ინატრებს.
საინტერესოა ამ გუნდის ისტორიაც. კლუბი 1999 წელს დაარსდა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლაში. 2005 წელს კლუბი ჰოლდინგმა “იბერია ბიზნეს ჯგუფმა” შეიძინა. მისმა პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა წარმოადგინა და შედეგიც სახეზეა. შარშან “საბურთალო” პირველ ლიგაში გამოჩნდა, თუმცა ხეჩიკაშვილი ამბობდა, ბიჭები ჯერ დაღვინებულები არ არიან და უმაღლესში გადასვლა თვითმიზანი არ იქნება, გაისად კი შევეცდებითო. ასეც ხდება - “საბურთალო” 12 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტს. ისიც სათქმელია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ძირითად ბირთვს სწორედ საბურთალოელები წარმოადგენენ.
განსხვავებულ ვითარებაშია ბ ზონის ლიდერი - თერჯოლის ”საპოვნელა.” ეს არის მუნიციპალური კლუბი, აქედან გამომდინარე პრობლემებით: მწირი ინფრასტრუქტურა, ხანდახან უხელფასობა და დიდი ენთუზიაზმი. დღეს “საპოვნელამ” ბექა სულაბერიძის დუბლით 2:0 მოუგო “გაგრას.” თუმცა, ისიც სათქმელია, რომ გაგრელბს 66-ე წუთზე ორი ფეხბურთელი, ზონის ერთ-ერთი მთავარმეგოლე, გოგიტა გოგატიშვილი და ივანე ჭაბუკიანი გაუძევეს.
ა ზონა
1 | საბურთალო (თბილისი) | 18 | 15 | 2 | 1 | 53:10 | 47 |
2 | ჭიათურა | 18 | 11 | 2 | 5 | 34:18 | 35 |
3 | ლაზიკა (ზუგდიდი) | 18 | 8 | 6 | 4 | 31:16 | 30 |
4 | სტუ –ნ.დინამო (თბილისი) | 18 | 9 | 2 | 7 | 31:42 | 29 |
5 | ლოკომოტივი (თბილისი) | 18 | 8 | 3 | 7 | 39:28 | 27 |
6 | სამგურალი (წყალტუბო) | 18 | 7 | 2 | 9 | 36:30 | 23 |
7 | სასკო (თბილისი) | 18 | 6 | 4 | 8 | 35:36 | 22 |
8 | მაჭახელა (ხელვაჩაური) | 18 | 5 | 2 | 11 | 24:38 | 17 |
9 | ჩხერიმელა (ხარაგაული) | 18 | 4 | 2 | 12 | 11:43 | 14 |
10 | ადელი (ბათუმი) | 18 | 3 | 3 | 12 | 19:52 | 12 |
ბომბარდირები: 15 – მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), 13 – გურამ გოშთელიანი, გიორგი ხარაიშვილი (ორივე – საბურთალო)
ბ ზონა
1 | საპოვნელა (თერჯოლა) | 18 | 11 | 5 | 2 | 23:10 | 38 |
2 | დინამო 2(თბილისი) | 18 | 9 | 6 | 3 | 42:14 | 33 |
3 | ბორჯომი | 18 | 9 | 3 | 6 | 16:17 | 30 |
4 | ბეთლემი (ქედა) | 18 | 8 | 4 | 6 | 26:23 | 28 |
5 | გაგრა | 18 | 8 | 1 | 9 | 35:24 | 25 |
6 | კოლხეთი (ხობი) | 18 | 7 | 3 | 8 | 25:26 | 24 |
7 | მეშახტე (ტყიბული) | 18 | 7 | 3 | 8 | 27:28 | 24 |
8 | ალგეთი (მარნეული) | 18 | 5 | 4 | 9 | 21:25 | 19 |
9 | მერცხალი (ოზურგეთი) | 18 | 5 | 4 | 9 | 22:44 | 19 |
10 | სქური (წალენჯიხა) | 18 | 1 | 7 | 10 | 13:39 | 10 |
ბომბარდირები: 10 – ბუდუ ზივზივაძე, ვაჟა მათიაშვილი (ორივე – დინამო 2), ვიტალი დარჩიძე (ბეთლემი), გოგიტა გოგატიშვილი (გაგრა)