ლუცკის “ვოლინის” ნახევარმცველის სანდრო კობახიძის აზრით, გუნდმა უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველი ეტაპი ურიგოდ არ ჩაატარა, მაგრამ უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეეძლო.
“თუ გუნდის გამოსვლას შევაფასებთ, არცთუ ცუდი პირველი წრე ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი ქულა დავკარგეთ, რომელიც არ უნდა დაგვეკარგა, მაგრამ ვფიქრობ პირველი წრე ღირსეულად დავასრულეთ. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მეოთხე ადგილზე გასვლაც შეგვეძლო” – განაცხადა კობახიძემ ლუცკელთა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას “მეტალისტთან” საშინაო მატჩის (1:2) მერე, რომელიც 88-ე წუთზე ადგილობრივი გულშემატკივრების მოედანზე შესვლის მიზეზით შეწყდა.
“ჩემი აზრით, პირველი ტაიმის მერე გამარჯვებას ვიმსახურებდით. მსაჯობის განხილვა არ მსურს. ხალხმა დაინახა რაც ხდებოდა. მტყუან-მართალი მათ შეაფასონ. მე თამაშს შევაფასებ. ჩემი აზრით, პირველი ტაიმი ძალიან ღირსეულად ჩავატარეთ, ხოლო მეორეში მოვდუნდით. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ და პირველი ეტაპი მე-7 ადგილზე დავასრულეთ. მეორე ტაიმში დაცვაში “ჩავჯექით”, არადა, უნდა შეგვეტია. ამის გამო, საკუთარ კარში ორი გოლი მივიღეთ. ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. მეტოქისთვის მეორე ყვითელი ბარათი რომ მიეცათ, უკვე უმრავლესობაში ვიქნებოდით. ბევრი საკამათო მომენტი იყო”’- ასე შეაფასა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა “მეტალისტთან” თამაში.
რაც შეეხება გულშემატკივრების მოედანზე შესვლას, ამის შესახებ მან შემდეგი თქვა:
“ხალხი მოდის და მთელი სულით გვგულშემატკივრობს. ხალხს უსამართლობა არ უყვარს. მე არაფრის თქმა არ მსურს. უბრალოდ, მათ თქვენც გაუგეთ. რაც მოხდა, ალბათ, ულამაზოა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი თავს ვეღარ იკავებს, ყველა ნერვებმოშლილია”.