რუსეთის პირველი დივიზიონი ზამთრის შესვენებაზე გავიდა და ქართველ ლეგიონერებს დასვენების საშუალება მიეცათ. "ტოსნოს" მეკარე ნუკრი რევიშვილი საქართველოში იმყოფება და 7 დეკემბერს "ვიტ ჯორჯია" - "დილას" თამაშსაც დაესწრო. "მსოფლიო სპორტი" ნუკრის დაუკავშირდა და "ტოსნოს", საქართველოს ჩემპიონატისა და ეროვნულ ნაკრების შესახებ ესაუბრა.
- "ტოსნოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს ალექსანდრე გრიგორიანის სახით, როგორ შეაფასებთ ახალ თავკაცს?
- ჯერჯერობით გრიგორიანს არ ვიცნობ. ვიცი, რომ კარგი სპეციალისტია, პირველ ლიგაში კარგად მუშაობდა. გვეიმედება ამ მწვრთნელის. ბოლო რამდენიმე მატჩი თავკაცის გარეშე ჩავატარეთ და ვიმედოვნებ იგი გუნდის დალაგებას მოახერხებს.
- როგორ შეაფასებთ "ტოსნოს" საპრემიერლიგო შანსებს?
- კარგი შანსი გვაქვს, რათა შემდეგ სეზონში პრემიერლიგაში ვიასპარეზოთ. ჩვენ გარდა, უმაღლეს დივიზიონში სათამაშოდ კიდევ სამი გუნდი იბრძვის. "ანჟის" ყველაზე დიდი შანსი აქვს, 5 ქულით გვისწრებს და ფინანსურადაც ძლიერია. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და პრემიერლიგაში გადასასვლელად პოტენციალი აშკარად გვაქვს.
- "ვიტ ჯორჯია" - გორის "დილას" მატჩს დაესწარით და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ?
- ნანახი შეხვედრებიდან ჩანს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია კლუბებში გამოჩენილი, სულ რამდენიმე მოთამაშე მეცნო. საკმაოდ საინტერესო თამაში ვიხილეთ, გორელები ზამთრის ჩემპიონები ხდებოდნენ და რომ მოეგოთ ძალიან გამიხარდებოდა. "დილაში" ვთამაშობდი და ამ გუნდს ვგულშემატკივრობ.
- თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების პოსტი დატოვა, რამდენად დროულად მიიღო მან ეს გადაწყვეტილება?
- რამდენად დროულად მიიღო გადაწყვეტილება, ამას ვერ გეტყვით, მთავარი ახლა ისაა ვინ ჩაიბარებს ნაკრებს და როგორ დაალაგებს სიტუაციას.
- ნაკრებში დაბრუნებაზე რას იტყვით?
- ნაკრებში დიდი სიამოვნებით დავბრუნდები, თუ ახალი მწვრთნელი გამომიძახებს. გამოძახების შემთხვევაში როგორც ადრე ჩამოვდიოდი შემდეგაც შესაბამისად მოვიქცევი და ნაკრების კარს დავიცავ.