ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ ტურში ქუთაისის “ტორპედომ” რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ბოლოდროინდელი ტრადიცია არ დარღვეულა - ტორპედოელებს საშინაო პაექრობა კვლავ ავდარში მოუწიათ. ამჯერად ძლიერი ქარი ქროდა, რაც გუნდებს კომბინაციურ და დალაგებულ თამაშში ხელს უშლიდა.
ბოლოდროს არცთუ წარმატებით მოასპარეზე ქუთათურებს ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ. მათ რიცხვს ქობულეთის “შუქურასთან” მატჩის შემდეგ დაემატა გუნდის კაპიტანი თენგიზ ჩიკვილაძე, თუმცა, ისიც ითქვა, რომ ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა გუნდი.
მატჩი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. რუსთაველები ბურთის ფლობით ჯობდნენ მეტოქეს, თანაც, პირველ ტაიმში “ქარი მათ სასარგებლოდ ჰქროდა”. სადებიუტო წუთებში “მეტალურგის” ფეხბურთელთაგან რეალური შანსი მიეცა სიხარულიძეს, რომელმაც ბურთი მარცხენა ფლანგიდან ტორონჯაძის ჩაწოდების შემდეგ მიიღო. ირაკლი ზედმეტად აკურატულად შეეცადა ბურთის დამორჩილებას, რასაც სასურველზე მეტი დრო მოანდომა და ჩაკვეტაძემ მას დარტყმა აღარ აცალა. სიხარულიძეს შეუჩერებლივ რომ დაერტყა, ცაბუტაშვილს პრობლემები შეექმნებოდა. ცოტა ხანში უკვე კვერნაძე იბრძოდა თავგამოდებით, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ეულად მყოფ ქუთაისელთა ფორვარდს არაფერი გამოუვიდა.
სასტარტო მღელვარება ორივე გუნდმა მშვიდად დაძლია, თუმცა ქარის წინააღმდეგ არცერთს არაფერი გამოსდიოდა, განსაკუთრებით შეტევების ორგანიზებისას. თუ არ ჩავთვლით საკმაო რაოდენობის კუთხურებს, შეიძლება ითქვას, რომ გუნდებს პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ. კარის მიმართულებით გუნდებმა 2-2-ჯერ დაარტყეს. რუსთაველთაგან ხიზანეიშვილმა სცადა შორიდან და ცაბუტაშვილმა ეს ბურთი იოლად დაიმორჩილა, ხოლო ვასაძის დარტმულის შემდეგ ბურთმა ხარიხას ზემოდან გადაუქროლა. რაც შეეხება მასპინძლებს, მათგან დარტყმისა და ხიფათის შექმნის მცდელობა აბრამიძეს და მარკოზაშვილს ჰქონდათ. ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა სტანდარტულიდან ჩააწოდა და ბურთი კარისკენ ქარმა წაიღო, ბედიაშვილმა კი დროულად იმოქმედა და მუშტებით განმუხტა მდგომარეობა. მეორედ მარკოზაშვილი შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან აღმოსავლელთა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან ძლიერად ჩააწოდა. ბედიაშვილი კვლავ დროულად გამოვიდა და სიტუაცია ისევ უმტკივნეულოდ განმუხტა.
ტაიმის ბოლო ნაწილში ქუთათურები უფრო გააქტიურდნენ. ისინი მეტოქესთან შედარებით უკეთ ამოძრავდნენ. ერთხელ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ისევ მარკოზაშვილი ცდილობდა დარტყმას, მაგრამ დიდი მანძილით ააცილა. ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევარი ორივე გუნდის აქტიურობით დაიწყო. 47-ე წუთზე დასამახსოვრებელი გახლდათ ქუთაისელი მარკოზაშვილის ძლიერი დარტყმა საჯარიმოს გარედან, რომელიც მცირე მანძილით აცდა მეტოქის კარს. მცირე ხნის შემდეგ ქვემოქართლელებს ზედიზედ ორჯერ, სტანდარტულიდან შეექმნათ სახიფათო მომენტის შანსი, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე ისევ ვერ მივიდა.
პირველი, რეალურად ყველაზე სახიფათო მომენტი მე-60 წუთზე რუსთაველებმა შექმნეს, როდესაც მარცხენა ფლანგიდან, მოედანზე ახალგამოსულმა კიტეიშვილმა სიხარულიძის მისამართით საჯარიმოში ჩააწოდა. ქარის ხელშეწყობით ქუთაისელ მცველებს ბურთი ფორვარდამდე გაეპარათ და ის მეტალურგთა შემტევს მიუვიდა. სიხარულიძემ დარტყმა კი მოახერხა, მაგრამ ძალა დააკლდა და ცაბუტაშვილმა, რომელსაც პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული, ბურთის დაუფლება იოლად შეძლო. საპასუხოდ, რამდენიმე წუთში ქებურიამ დაარტყა “მეტალურგის” კარის მიმართულებით, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.
ამის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, დასკვნით ნაწილში მასპინძლები გააქტიურდნენ. 76-ე წუთზე კი მოწინააღმდეგის მცველთა შეუთანხმებელი მოქმედებებით ისარგებლა ოთარ კვერნაძემ და რუსთაველთა საჯარიმოს მახვილი კუთხიდან მიუახლოვდა. ტანმაღალი ფორვარდის ძლიერად “გასროლილი” ბედიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია.
ცოტა ხანში შენგელია აწვდიდა მეტოქის საჯარიმოდან მეკარის ბაქანთან, მაგრამ ბედიაშვილმა ბურთი კუთხურზე გადააგდო. თითქმის მაშინვე, გიორგაძის პასის შემდეგ კვერნაძე ურტყამდა მახვილი კუთხიდან და ისევ ბედიაშვილმა ითამაშა საიმედოდ. 81-ე წუთზე ისევ კვერნაძე იყო მოვლენების ეპიცენტრში, როდესაც მახვილი კუთხიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში - მის გადაცემას სიზუსტე დააკლდა, თორემ ქუთათურები ალბათ გოლს გაიტანდნენ.
მატჩის საეპილოგო ნაწილი კი ისევ თანაბარი გამოდგა, თუმცა პაექრობის ბოლოსწინა წუთზე სტუმრებმა იხეირეს.
რუსთაველთა გადასვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე ჯოხაძის ზუსტი გადაცემით დასრულდა ქავთარაძის მისამართით. ქუთაისელთა მცველებმა ბურთი კიტეიშვილის და დავით გელაშვილის ცრუ მანევრირების შემდეგ გაატარეს, ხოლო ქავთარაძემ საჯარიმოს ხაზიდან გამოზომილი და ზუსტი, მოჭრილი დარტყმით ცაბუტაშვილს შორეულ კუთხეში გაუტანა. გოლი მართლაც ლამაზი გამოდგა და რაც მთავარია, რუსთაველთათვის სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა.
მასპინძლებს გასათანაბრებლად მცირედი დრო ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს, სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა კი რუსთაველი ფეხბურთელები ტაშით გააცილეს.
ვარლამ კილასონია (“მეტალურგი”): “წინასწარ ვიცოდით, რა რთული მატჩი გველოდა. მოგეხსენებათ, ტორპედოელებს დიდი ხანია არ მოუგიათ, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ამას დაემატა ამინდიც, რომელსაც ალბათ გრიგალს თუ უწოდებ ადამიანი. ფეხბურთელებს ჰქონდათ მკაცრი მითითება, ეთამაშათ მარტივად და თავიანთ შანსს დალოდებოდნენ. ეს შანსი კი ბოლოს მივიღეთ და გამოვიყენეთ”.
რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “ქუთაისის “ტორპედო” უმძიმეს დღეშია. პირველი წრის განმავლობაში ამას არ ვამბობდით, გუნდში პანიკა რომ არ დაბუდებულიყო. ასეთ პირობებში მუშაობას აზრი არა აქვს. ფეხბურთელები ვერ შევინარჩუნეთ. არ იყო სასურველი პირობები, რომელიც მოგვცემდა სხვა გუნდებთან კონკურენციის საშუალებას. ჩვენ წინა სეზონიდან მართლაც ნულიდან დავიწყეთ გუნდის გაკეთება, ახლა კი ფუნდამენტი მაინც არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ პირობებში გამჩერებელი აღარ ვარ”.
“ტორპედო” – “მეტალურგი” 0:1 (0:0)
7დეკემბერი. 14:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1000 მაყურებელი
“ტორპედო”: ცაბუტაშვილი, აბრამიძე, კვერნაძე, ზურაბ გელაშვილი, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ქებურია (გიორგაძე, 65), ფიფია (ლევან შენგელია, 46), გოგიჩაიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი
მთავარიმწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
“მეტალურგი”: ბედიაშვილი, ტორონჯაძე (კიტეიშვილი, 56), ნარიმანიძე, ქავთარაძე, კაკაშვილი, მჭედლიშვილი, ცნობილაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ალავერდაშვილი (დავით გელაშვილი, 72), ვასაძე, სიხარულიძე (ჯოხაძე, 60).
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გოლი: 0:1 ქავთარაძე (89).
გაფრთხილება: კაკაშვილი (8), ჩაკვეტაძე (56), ზურაბ გელაშვილი (68).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)
1. | დინამო (თბილისი) | 15 | 9 | 2 | 4 | 26:13 | 29 | |
2. | დილა | 15 | 8 | 4 | 3 | 22:13 | 28 | |
3. | სამტრედია | 15 | 7 | 4 | 4 | 17:11 | 25 | |
4. | სპარტაკი | 15 | 7 | 3 | 5 | 15:21 | 24 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 15 | 7 | 3 | 5 | 17:14 | 24 | |
6. | მეტალურგი | 15 | 6 | 5 | 4 | 19:15 | 23 | |
7. | ჩიხურა | 15 | 6 | 4 | 5 | 17:17 | 22 | |
8. | მერანი | 15 | 5 | 5 | 5 | 11:10 | 20 | |
9. | ზესტაფონი | 15 | 4 | 7 | 4 | 29:22 | 19 | |
10. | გურია | 15 | 4 | 7 | 4 | 16:23 | 19 | |
11. | შუქურა | 15 | 4 | 6 | 5 | 14:17 | 18 | |
12. | კოლხეთი | 15 | 4 | 5 | 6 | 13:17 | 17 | |
13. | ტორპედო | 15 | 3 | 7 | 5 | 17:18 | 16 | |
14. | სიონი | 15 | 3 | 5 | 7 | 12:19 | 14 | |
15. | ვიტ ჯორჯია | 15 | 3 | 3 | 9 | 14:20 | 12 | |
16. | ზუგდიდი | 15 | 2 | 6 | 7 | 8:17 | 12 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.