ძიუდო

14:17 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მატიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძიგორო კანოს ფინალში 34 წლის შემდეგ

34-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტი ძიგორო კანოს მემორიალის ფინალში გავიდა. 1982 წლის სუპერტურნირზე დავით ბოდაველი (86 კგ) ჩემპიონი გახდა. ცოტა ხნის წინ კი ნანატრ ტიტულს ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) შეუტია, მაგრამ პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ქართველი მძიმეწონოსანი ტოკიოს გრან სლემის სტატუსით მიმდინარე ტრადიციულ შეჯიბრებაზე გადამწყვეტ ბრძოლაში რუს რენატ საიდოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალთან ერთად 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. საიდოვმა მეორე წუთზე იუკო აიღო და გდებას შებოჭვა მოაყოლა.

ფინალამდე ლევან მატიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს უბრძოლველად გასცდა, აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს ოთხი გაფრთხილებით მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი იაპონელებს აჯობა - კეიტა ივაოს ორწუთნახევარი აკმარა შესაბოჭად, ხოლო ტაკეში ოჯიტანის უილეთო შეხვედრაში ერთი გაფრთხილებით მოუგო.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით კი მხოლოდ 90 კილოგრამში მოჭიდავე ძიუდოისტები: ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) გავიდნენ იაპონურ ტატამზე.

ლიპარტელიანი წონის ლიდერია და პირველ ნომრად განთესეს. ჩვეულადაც დაიწყო - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ორწუთნახევარში შებოჭა. აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ორი იუკო აკმარა. ძირითად ბადეში გამოსვლა კი იაპონელ კენტა ნაგასავასთან იუკოთი წაგებით დაასრულა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ევროპის ქართველი ჩემპიონი კიდევ ერთ იაპონელს – მაშუ ბეიკერს დაეჭიდა. ძირითად ხუთ წუთში ძიუდოისტებმა თითო იუკოს აღება შეძლეს და შეხვედრა ოქროს დროში გაგრძელდა. მე-9 წუთზე ბეიკერმა მტკივნეული ილეთით იმარჯვა და ვარლამ ლიპარტელიანი მე-7 ადგილს დააჯერა.

ბექა ღვინიაშვილმა გრან სლემზე მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. უზბეკ კამოლოდინ ხოლმამატოვს ადვილად აჯობა – სამ წუთში სამივე შეფასების ილეთი აუღო. მერვედფინალში კი ფრანგ ალექსანდრე იდირთან სუფთა გდებით დამარცხდა.

90 კილოგრამში ჩემპიონი სამხრეთკორეელი დონგ ჰან გვაკი გახდა, გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელი დაიკი ნიშიამას ძლევით. 100-ის ფინალში კი ერთმანეთს სამხრეთკორეელი გუამ ჩო და ფრანგი სირილ მარე დაუპირისპირდნენ და უმაღლეს ტიტულს ამ წონაშიც აზიელი დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს გრან სლემი თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი დაასრულა და ვაჟების საერთო გუნდურ ჩათვლაში 57 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

ძიუდო

გრან სლემი

ტოკიო

5-7 დეკემბერი

ვაჟები

60 კგ

1 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 ტორუ შიშიმე (იაპონია)

3 იუმა ოშიმა (იაპონია)

3 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

66 კგ

1 ჰიფუმი აბე (იაპონია)

2 გოლან პოლაცკი (ისრაელი)

3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

3 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

7 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)

2 შოჰეი ონო (იაპონია)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

81 კგ

1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

2 სერგიუ ტომა (არაბ. გაერთ. საემიროები)

3 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 ალექსანდერ ვეიზერზაკი (გერმანია)

90 კგ

1 დონგ ან გვაკი (სამხრეთ კორეა)

2 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

3 მაშუ ბეიკერი (იაპონია)

3 ჯაე იუნ კიმი (სამხრეთ კორეა)

7 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

100 კგ

1 გუამ ჩო (სამხრეთ კორეა)

2 სირილ მარე (საფრანგეთი)

3 არტემ ბლოშენკო (უკრაინა)

3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

+100 კგ

1 რენატ საიდოვი (რუსეთი)

2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 კეიტა ივაო (იაპონია)

3 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 3 3 5 6 2

2 სამხრეთ კორეა 3 0 2 1 1

3 რუსეთი 1 0 1 0 1

4 საქართველო 0 1 1 0 2

5 ისრაელი 0 1 0 2 0

0.103187