იტალიის სერია A-ს მე-14 ტური იტალიელებისთვის არადამახასიათებელ ვადებში ჩატარდება. ტურის 10 შეხვედრა 4 დღეზეა გაწერილი, რაც “იუვენტუსის” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩითაა გამოწვეული (“ატლეტიკოს” წინააღმდეგ). ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს გაიმართება. ფლორენციაში “ფიორენტინა” სწორედ “იუვენტუსს” მიიღებს. სხვა მატჩებიდან შედარებით გამოსარჩევია კვირას გასამართი შეხვედრა “ჯენოასა” და “მილანს” შორის. დანარჩენზე კი უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.
“ფიორენტინა” - “იუვენტუსი”
თარიღი: 5 დეკემბერი, 23:45 წუთი
ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მე-14 ტური გამორჩეული მატჩით დაიწყება, “ფიორენტინა” “იუვენტუსს’ უმასპინძლებს. ამ გუნდების დაპირისპირებას ყოველთვის დიდი ინტერესი ახლავს, სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რობერტო ბაჯო ფლორენციიდან ტურინში გადაბარგდა, ეს კი 1990 წლის ზაფხულში მოხდა. ამ ფაქტის გამო “ვიოლას” ტიფოზები “ბიანკონერებს” დასანახად ვერ იტანენ და ფლორენციაში “იუვეს” სტუმრობისას სტადიონზე ჯოჯოხეთური ატმოსფერო სუფევს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდს მაღალი მიზნები ამოძრავებს. სტუმრები ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ და ქულების განიავებას, როგორც ჩანს არ აპირებენ. ვინჩენცო მონტელას გუნდმა კი ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, თუმცა ბოლო ორ თამაშში 6 ქულის მოპოვება შეძლო. გამოსარჩევია, რომ “იებმა” ორივე მატჩი სტუმრად მოიგებს. გასულ სეზონში “ვიოლამ” “ბებერ ქალბატონს” 4:2 აჯობა, არადა მატჩის მსვლელობისას 0:2-ს აგებდა. იმ მატჩის გმირი შესრულებული ჰეთ-თრიქით ჯუზეპე როსი აღმოჩნდა, რომელიც ახლა ტრავმირებულია. სხვა მხრივ, “ფიორენტინა” მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდება, მასიმიალიანო ალეგრის კი დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვს, რის გამოც “იუვე” ძველ ტაქტიკას უბრუნდება (3-5-2), ამას ისიც ემატება, რომ მოახლოებული საჩემპიონთალიგო მატჩის წინ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენებას თავად ალეგრიც აპირებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; ბასანტა, როდრიგესი, სავიჩი; კუადრადო, მატი ფერნანდესი, პიზარო, ბორხა ვალერო, ალონსო; ხოაკინი, გომესი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ოგბონა, ბონუჩი, კიელინი; პერეირა, ვიდალი, პირლო, პოგბა, ევრა; კომანი, ლორენტე
მსაჯი: რიცოლი
“რომა” - “სასუოლო”
თარიღი: 6 დეკემბერი, 21:00 საათი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
შაბათის სათამაშო დღე რომში გაიხსნება, სადაც “რომა” “სასუოლოს” მიიღებს. გუნდები კარგ ფორმაში იმყოფებიან და “ოლიმპიკოზეც” ლაღი ფებურთი უნდა გაჩაღდეს. დედაქალაქელები, რომელთა მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა, ლიდერ “იუვეს” 3 ქულით ჩამორჩებიან და ფეხის დაცდენის უფლება არ აქვთ. ეუსებიო დი ფრანჩესკოს “სასუოლო” კი გულშემატკივართა გაოცებას ახერხებს და უკვე მიჯრით 5 მატჩია არ წაუგია, ამას შუა კვირაში “კოპა იტალიაზე” მოგებული მატჩსაც თუ დავუმატებთ, დავრწმუნდებით, რომ “ნეროვერდი” მართლაც კარგ ფორმაშია. გასულ სეზონში ამ გუნდთა შეხვედრა ფრედ დასრულდა (1:1). უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ “სასუოლო” ამ ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომლის კარშიც ფრანჩესკო ტოტის გოლი არ გაუტანია. “რომას” ძირითად შემადგენლობას დიდხნიანი იძულებით პაუზის შემდეგ ჰოლანდიელი ნახევარმცველი კევინ სტროტმანი უბრუნდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი; პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი; იტურბე, ტოტი, დესტრო
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; ტაიდერი, მისიროლი, ბიონდინი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
მსაჯი: ირატი
“ტორინო” - “პალერმო”
თარიღი: 6 დეკემბერი, 23:45 წუთი
ადგილი: ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”
“ტორინო” დრამატულად წაგებული დერბის შემდეგ, გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციას სიცილიური “პალერმოს” წინააღმდეგ შეეცდება. ჯამპიერო ვენტურას გუნდისთვის ამ მატჩს სხვა დატვირთვაც აქვს, “გრანატამ” ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო და ნელ-ნელა გასავრდნი ზონისკენ მიექანება, ამიტომაც მასპინძლებმა თავის საკბილო “პალერმოს” აუცილებლად უნდა აჯობონ. ჯუზეპე იაკინის დამოძღვრილი გუნდი კი პირიქით, აღმასვლის გზას ადგას და 5 ტურია წაუგებლად ასპარეზობს. ეს ყოველივე, რაღა თქმა უნდა სატურნირო ცხრილზეც აისახა და “როზანერო” სახიფათო ზონას 7 ქულითაა მოცილებული.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ფარნერუდი, ვივესი, ელ კადური, დარმიანი; კვალიარელა, ამაური
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, ბოლცონი, მარესკა, ჩოჩევი, ლაზაარი; დიბალა, ბელოტი
მსაჯი: ჯაკომელი
“ნაპოლი” - “ემპოლი”
თარიღი: 7 დეკემბერი, 15:30 წუთი
ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”
კვირა დღის პირველი მატჩი ნეაპოლში გაიმართება, “ნაპოლი” “ემპოლის” მიიღებს. რაფა ბენიტესის გუნდი მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა მეორეადგილოსან “რომას” უკვე საგრძნობლად ჩამორჩება და ზურგს უკან მყოფი გუნდების სუნთქვასაც გრძნობს. ნეაპოლურმა კლუბმა ბოლო ორ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და ახლა, გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდთან წაფორხილების უფლება არ აქვს. თავის მხრივ, მაურიციო სარის “ემპოლი” ბოლო დროს მოფერიანდა და ქულების დაგროვებაც სტაბილურად დაიწყო. უკანასკნელ 3 შეხვედრაში ტოსკანელებმა 7 ქულა მოაგროვეს. გარდა ამისა, შუა კვირაში იტალიის თასზე “ჯენოა” უშანსოდ დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. “ემპოლის” სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს ქართველი ლევან მჭედლიძის გვარი, რომელმაც ხსენებულ იტალიის თასზე ზღაპრული სილამაზის გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, ენრიკე, გულამი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვეკინო, ვალდიფიორი, კროჩე; ვერდი; ტავანო, მაკარონე
მსაჯი: ჩერველერა
“ატალანტა” - “ჩეზენა”
თარიღი: 7 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”
ბერგამოში ერთმანეთს ჩემპიონატის აუტსაიდერები “ატალანტა” და “ჩეზენა” დაუპირისპირდებიან. თუ ბერგამოელებს 6 ტურია გამარჯვებისთვის გემო არ გაუსინჯავთ, მათ მოწინააღმდეგეს საქმე უფრო რთულად აქვს – “ჩეზენა” პირველი ტურის შემდეგ მოუგებლად ასპარეზობს. კვირას გასამართ შეხვედრას ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. წარუმატებლობა, შესაძლებელია არც მასპინძელთა თავკაც სტეფანო კოლანტუონოს აპატიონ და არც სტუმართა დამრიგებელ პიერპაოლო ბიზოლის.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ძაპაკოსტა, სტენდარდო, ბენალუანე, კერუბინი; დ’ალესანდრო, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; მორალესი, დენისი
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; ნიკა, კაპელი, ლუკინი, რენძეტი; კარბონერო, კაშონე, ჯორჯი; ბრიენცა; როდრიგესი, ალმეიდა
მსაჯი: დი ბელო
“ჯენოა” - “მილანი”
თარიღი: 7 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან გენუაში. “მარასიზე” “ჯენოა” “მილანს” დაუხვდება. გენუელები ყველასთვის გასაკვირად კარგ სეზონს ატარებენ და “ნაპოლისთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. “როსონერი” კი ამ დროისთვის მე-6 პოზიციაზეა და “ჯენოას” 2 ქულით ჩამორჩება. ლიგურიელებს მეხუთე ტურის შემდეგ, მიჯრით რვა თამაშია არ წაუგიათ. ბოლოს “ჯენოა” გენუურ დერბიში “სამპდორიასთან” დამარცხდა (0:1). წარმატებული სერიის გაგრძელებას ჯამპიერო გასპერინის გუნდი პრინციპულ მეტოქესთანაც შეეცდება. “მილანი” კი კვლავ არადამაჯერებელია. ბოლო ტურში “უდინეზეს” ძლევით (2:0), ინძაგის შეგირდებმა ხასიათი და სიტუაცია ოდნავ გამოისოწრეს, მაგრამ თუ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურთ, თამაშის ხარისხი აშკარად გასაუმჯობესებელი აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, დე მაიო, მარკეზე; ედენილსონი, სტურარო, ბერტოლაჩი, ანტონელი; პეროტი, მატრი, იაგო ფალკე
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; ბონერა, რამი, მექსე, არმერო; ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა; ჰონდა, მენეზი, ელ შაარავი
მსაჯი: ტალიავენტო
“პარმა” - “ლაციო”
თარიღი: 7 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”
საინტერესო მატჩი გაიმართება პარმაში, სადაც ადგილობრივი გუნდი რომის “ლაციოს” უმასპინძლებს. დიდი ტრადიციების მქონე გუნდებს მიმდინარე სეზონში პრობლემები აქვთ. უფრო სწორად “პარმას” მდგომარეობას უკვე საპრობლემოც აღარ ეთქმის. რობერტო დონადონის გუნდს 13 ტურის შემდეგ, მხოლოდ 6 ქულა აქვს და ცხრილის ფსკერს თავს ვერაფრით აღწევს. უკვე სამი მატჩია გამარჯვების გარეშე ასპარეზობს სტეფანო პიოლის “ლაციოც”. არადა, რომაელებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა აქვთ მიზნად დასახული, თუმცა ვეჭვობთ, ამ თამაშის ხარისხით მიზანი აისრულონ. იტალიური მედიის ვარაუდით, კვირას გასამართი შეხვედრა დონადონისთვის ბოლო იმედის მატჩი იქნება და კიდევ ერთ წარუმატებლობას აღარ აპატიებენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პარმა” (3-5-2): მირანტე; სანტაკროჩე, ლუკარელი, კოსტა; რისპოლი, აკქუა, ლოდი, მაური, დე ჩელიე; კასანო, პალადინო
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, რადუ, ბრაიფიედი; პაროლო. ბილია, ლულიჩი; ანდერსონი, კლოზე, მაური
მსაჯი: გუიდა
“ინტერი” - “უდინეზე”
თარიღი: 7 დეკემბერი, 23:45 წუთი
ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
სერია A-ს მესამე სათამაშო დღე, “ინტერისა” და “უდინეზეს” შეხვედრით დასრულდება. რობერტო მანჩინი შიდა ჩემპიონატში ჯერჯერობით გამარჯვების გარეშეა. პირველი სამი ქულის მოპოვებას სწორედ უდინური კლუბის წინააღმდეგ გეგმავს. “ინტერნაციონალეს” მოუგებელ მატჩთა რაოდენობა უკვე 4-მდე დაუგროვდა და სატურნირო ცხრილშიც მე-11 ადგილზეა დაშვებული. “ნერაძური” გონს მალევე უნდა მოეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის სტარტზე დასახული მიზნები ნელ-ნელა ოცნების სფეროს დაემსგავსება. ანდრეა სტრამაჩონის “უდინეზეს’ კი უკვე 5 ტურია არ მოუგია - მხოლოდ ორი დაასრულა ფრედ, სამი კი წააგო. სტრამაჩონი 2012-2013 წლების სეზონში მილანურ გუნდს ედგა სათავეში და მისთვის “სან სიროზე” დაბრუნება ერთგვარ რევანშთანაც ასოცირდება. ყოველივე ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კალჩოს მოყვარულებმა ამ მატჩისგან სიამოვნება უნდა მიიღონ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, დოდო; გუარინი, მედელი, კუჟმანოვიჩი; კოვაჩიჩი; ოსვალდო, პალასიო
“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, ჰეტრო, დანილო, პირისი; ბადუ, ალანი, გილერმე; კონე; დი ნატალე, ტერო
მსაჯი: ჯერვაზონი
”კალიარი” - “კიევო”
თარიღი: 8 დეკემბერი, 22:00 საათი
ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”
ოთხ დღეზე გაწერილი ტური ორშაბათს ორი მატჩით დასრულდება. ერთ-ერთ მათგანში, “კალიარი” “კიევოს” უმასპინძლებს. ორივე გუნდი კრიზის განიცდის და გამარჯვება ენატრებათ. “კიევოს” მხოლოდ ორი ტურია არ მოუგია, თუმცა გასავარდნ ზონაშია. ოდნავ ზემოთ იკავებს პოზიციას ზდენეკ ზემანის “კალიარი”, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის ყველაზე არასტაბილური გუნდია. სარდინიელები 5 თამაშია მოუგებლად ასპარეზობენ და უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას “მფრინავი ვირების” წინააღმდეგ შეეცდებიან. რამდენად გამოუვათ, ამას დრო გვაჩვენებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კალიარი” (4-3-3): კრანიო; პიზანო, ჩეპიტელი, როსეტინი, ბალცანო; კრესეტიჯი, კონტი, ეკდალი; ფარიასი, იბარბო, კოსუ
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, დაინელი, ძუკანოვიჩი; იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, ბირსა; მაქსი ლოპესი, მეჯორინი
მსაჯი: მარიანი
“ვერონა” - “სამპდორია”
თარიღი: 8 დეკემბერი, 23:55 წუთი
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
ტურის დასკვნით შეხვედრაში “ვერონა” გენუის “სამპდორიას’ უმასპინძლებს. ანდრეა მანდორლინის გუნდი არადამაჯერებელ სეზონს ატარებს და უკვე 5 თამაშია გამარჯვებას ვერ აღწევს, სატურნირო ცხრილში კი მე-14 პოზიციას შესაბამისი ქულების რაოდენობით იკავებს. “ვერონას” წაფორხილების უფლება არ აქვს, რადგან სახიფათო ზონა უკვე ჰორიზონტზე მოსჩანს. მეტოქისგან განსხვავებით, კარგ სეზონს ატარებს “სამპდორია”. გენუელები საწყის 13 ტურში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და 22 ქულით მე-5 ადგილზე არიან მოკალათებული. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს ტურიდან ტურამდე ამბიციები ეზრდება და თუ ასე გააგრძელებენ შესაძლოა ევროსაგზურიც მოიპოვონ.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; გონსალესი, მარკესი, მორასი, აგოსტინი; კამპანარო, ტაკჩიდისი, ლაზაროსი; ლოპესი, ტონი, გომესი
“სამპდორია” (4-3-3): რომერო; დე სილვეტრი, რომანიოლი, სილვესტრე, მესბა; რიცო, პალომბო, კრიტიჩიჩი; გაბიადინი, ოკაკა, ედერი
მსაჯი: ტომაზი