“როსტოვის” დაცვის ლიდერის ვიტალი დიაკოვის აზრით, მოსკოვის “სპარტაკში” ჯანო ანანიძეს არასაკმარისად ენდობიან, ხოლო როსტოველთა ექსთავკაცი მიოდრაგ ბოჟოვიჩი ქართველის საქციელით გაოცებულია. ამის შესახებ მათ ინტერნეტპორტალ championat.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს.
“როსტოვი” ტოპ გუნდი არაა. იქ ჯანოს ენდობოდნენ და წნეხიც არ ჰქონდა. ამიტომ, ანანიძე უბრალოდ ფეხბურთს თამაშობდა და ტკბებოდა. “სპარტაკში” ყველაფერი სხვაგვარადაა. უდიდესი პასუხისმგებლობა გაწვება. ერთ მატჩს წარუმატებლად ითამაშებ, მორჩა, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოგიწევს. მოკლედ, ჯანოს არასაკმარისად ენდობიან. ყველა პრობლემა აქედანაა. მათ შორის რუსეთის თასზე სათამაშოდ წასვლაზე უარის თქმაც” – თქვა დიაკოვმა.
“ვფიქრობ, ჯანო იმედგაცრუებულია, რომ ცოტას თამაშობს. თუმცა, თამაშის ბოიკოტირების მიზეზი ეს არ უნდა გახდეს. ანანიძის საქციელით გაკვირვებული ვარ” – აღნიშნა ბოჟოვიჩმა.