ჩოგბურთი

11:10 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “2014 წელს უფრო მაღალ დონეზე ავთამაშდი”

ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის 2014 წელი განსაკუთრებული იყო. წლეულს 27 წლის სერბმა მეორედ მოიგო უიმბლდონი, აგრეთვე ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზეც იმარჯვა (კარიერაში მეოთხედ). პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ნოვაკმა იქორწინა და წელსვე ბიჭის მამა გახდა.

- როგორ გრძნობთ თავს წლის მიხედვით პირველი ჩოგნის როლში?

- მოხარული ვარ, სეზონის დასაწყისში დასახული გეგმები რომ ავასრულე. ჩოგბურთში კლასიფიკაციის ლიდერობას დიდი როლი ენიჭება. მოხარული ვარ, ჩემი გუნდის თანადგომითა და ხელშეწყობით, რეიტინგის სათავეში ხანგრძლივად ყოფნას რომ ვახერხებ.

- თქვენთვის კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ რომელიმე სადიდსლემო შეჯიბრების მოგება?

- ძნელი სათქმელია. სეზონის სტარტის წინ ორივე ამოცანის გადაჭრას ვისახავდი მიზნად და ორივე მიზანი შესრულებულია.

- ბორის ბეკერთან ურთიერთობამ უპირველესად რა შეგძინათ?

- ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ბეკერი თამაშის ფსიქოლოგიაზე ახდენს დიდ გავლენას. თავის დროზე ბორისს ბრწინვალე საჩოგბურთო კარიერა ჰქონდა და ახლა დამრიგებლის როლში ცდილობს საკუთარი უმდიდრესი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. მისი დამრიგებლობით კიდევ უფრო მიზანმიმართულად ვემზადები ტურნირებისა და კონკრეტული მატჩისთვის. ბეკერის დახმარებით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო მდგრადი გავხდი. უმთავრესი კი ისაა, რომ მე და ბორისს ერთმანეთის კარგად გვესმის.

- მთლიანობაში ბრწყინვალე სეზონი გქონდათ. თუმცა, როჯერ ფედერერთან უიმბლდონის ფინალში კიდევ ერთი პარტია რომ წაგეგოთ, სადღეისოდ სხვაგვარ განწყობაზე იქნებოდით...

- ხომ შეიძლებოდა, Roland Garros-ზე ერთი ან ორი სეტით მეტი რომ მომეგო... არ ღირს წარსულის შანსებსა და გამოუყენებელ შესაძლებლობებზე აქცენტის გაკეთება. მთლიანობაში ხომ ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე. ცხადია, მქონდა შეხვედრები, რომლებიც უკეთ უნდა ჩამეტარებინა. მაგალითად იმავე საფრანგეთის ღია პირველობის ფინალსა და US Open-ის ნახევარფინალს მოვიყვან. მზერა ყოველთვის მომავლისკენ უნდა იყოს მიმართული. ვფიქრობ, 2014 წელს საკუთარი თამაში ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანე.

0.10877