ფეხბურთი

19:38 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალია: "ორმხრივი შეთანხმებით “შუქურას” ვტოვებ”

ქობულეთის “შუქურაში” მოთამაშე ლევან კუტალია პირველი წრის დასრულების შემდეგ აჭარულ კლუბს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გასული სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ “ზესტაფონი” დატოვა და ქობულეთურ კლუბს შეუერთდა. 25 წლის ნახევარმცველს უთამაშია “ზუგდიდსა” და “ბაიაში”, გამორჩეულად წარმატებული პერიოდი კი ბოსნიის ჩემპიონატში გაატარა, როცა “სლავიასა” და “ზრინსკის” მაისურით თამაშობდა.

-ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე პირველი წრის ბოლო ტურის შემდეგ ვტოვებ კლუბს. “შუქურასთან” ბევრი კარგი რამ მაკავშირებს. გვერდით დგომისთვის რევაზ ჩელებაძეს მინდა მადლობა გადავუხადო.

-სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?

-რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ, მაგრამ კონკრეტულად გუნდების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

-წლების წინ ბოსნიის ჩემპიონატში კარგი პერიოდი გქონდა. იქ დაბრუნების ვარიანტს ხომ არ განიხილავ?

-ბოსნიაში მართლაც წარმატებული პერიოდი მქონდა. ევროპაში კარიერის გაგრძელების სურვილი მაქვს. მაქვს უცხოეთში წასვლის ვარიანტებიც, თუმცა სიტუაციის ბოლომდე გარკვევამდე, კლუბებს ვერ დაგიკონკრეტებთ.

-“შუქურას” უკრაინელ მწვრთნელ კონსტანტინ ფროლოვს როგორ დაახასიათებდი?

-პირველ რიგში ის კარგი ადამიანია, შემდეგ კი თავისი საქმის კარგად მცოდნე. მჯერა, ფროლოვის ხელში “შუქურა” წარმატებას მიაღწევს და ქობულეთელ გულშემატკივარს გაახარებს.

-მარტვილის “მერანთან” თამაშისას მსაჯმა მოედნიდან გაგაძევა, ხოლო აღნიშნული ფაქტის გამო 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგსაჯეს. სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული?

-მთელი მატჩის განმავლობაში ფეხებში მირტყამდნენ, თამაშს ვაგებდით და პროვოკაციაზე წამოვეგე. ერთ-ერთი შეჯახების დროს იდაყვი ჩავარტყი მეტოქეს, რისთვისაც გადაჭარბებულად დავისაჯე.

-მწვრთნელმა რა გითხრა თამაშის შემდეგ?

-რა თქმა უნდა, ჩემი საქციელი არ მოეწონა. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ცუდად მოვიქეცი, მწვრთნელს კი არაფერი უთქვამს.

-“შუქურაში” შექმნილ ფინანსურ მდგომარეობაზე რას იტყვი?

-არ დავმალავ და ვიტყვი, რომ იყო ფინანსური პრობლემები, თუმცა რევაზ ჩელებაძისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით პრობლემები მოგვარდა. ამჟამად კლუბს ფინანსური კრიზისი არ ემუქრება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ქართულ კლუბებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნორმალურ პირობებში ვემზადებოდით.

-პირველი წრიდან გამომდინარე საკუთარ თამაშზე რას იტყვი?

-ჩემი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი, უფრო მეტის მიღწევა მსურს. რაც შეეხება პირველ წრეს, ვფიქრობ, კარგად ვითამაშე და გულშემატკივრის სიყვარული დავიმსახურე. ვფიქრობ, ამით ბევრია ნათქვამი.

-ბოსნიის კლუბებში თამაშისას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში გიწვევდნენ. ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება?

-ბოსნიის ახალგაზრდული ნაკრები ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, თუმცა უარი ვთქვი, რადგან ქართველი ვარ და მხოლოდ ჩემი ქვეყნის ნაკრებში მსურდა თამაში.

-გერმანული “კოტბუსის” ვარიანტი რეალური იყო?

-შვეიცარიაში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ვიმყოფებოდი. ჩემი თამაშის დასაკვირვებლად მენეჯერები იყვნენ ჩამოსულები, თუმცა იმ დღეს ნაკრებში თამაშის საშუალება არ მომეცა. ამ დღეს დასრულდა “კოტბუსის” ვარიანტი.

-უმაღლეს ლიგაზე რას იტყვი, სწორი გადაწყვეტილება იყო გუნდების 16-მდე გაზრდა?

-რა თქმა უნდა. გუნდების გაზრდის მომხრე ვიყავი და ვიქნები. ჩვენი ჩემპიონატი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. არავინ იცის, ვინ გავარდება და ვინ გახდება ჩემპიონი.

0.118404